სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ 7 თებერვალს, სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლექციები შეუჩერეს.
“ლექციები შემიჩერეს იმის საბაბით, რომ მე ჩვენი პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერი ვარ”, – წერს ბარნოვი, თუმცა მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზს სხვა საკითხს უკავშირებს:
“საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენ, სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ”, – წერს გოჩა ბარნოვი.
მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერი მისი სტატუსები “მხოლოდ საბაბად მოაქვთ”.
როგორც დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს, ბარნოვი, რომელიც ათენის უნიერსიტეტის კურსდმთავრებულია, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას და განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის არაღიარება საქართველოს ეკლესიაზე რუსულ გავლენებს დაადასტურებს”.
მისივე თქმით, ბარნოვის გარიცხვა აკადემიიდან არის “რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობა საქართველოს ეკლესიაში”.
