ახალი ამბები

სასულიერო სემინარიაში თავისუფალი აზრის გამო მავიწროვებენ და მდევნიან – გოჩა ბარნოვი

8 თებერვალი, 2019 • 2242
სასულიერო სემინარიაში თავისუფალი აზრის გამო მავიწროვებენ და მდევნიან – გოჩა ბარნოვი

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ავიწროვებენ და დევნიან, თუმცა ამის გამო პოზიციას არ შეიცვლის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და სტუდენტების ევროპაში სასწავლებლად გაგზავნაზე.

როგორც თეოლოგმა რუსთავი 2-ს განუცხადა, სასულიერო სემინარიაში მისი კურსის შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაცია იმ პირებისგან მიიღო, რომლებიც ესწრებოდნენ 7 თებერვალს ჩატარებულ სხდომას, რომელსაც თავად პირადი მიზეზების გამო არ დაესწრო.

გოჩა ბარნოვის განცხადებით, ორშაბათს მორიგი სხდომაა ჩანიშნული მისი საჯარო განცხადებების და ინტერვიუების შესახებ, სადაც საბჭოს წევრებს აქეთ მოსთხოვს ახსნა-განმარტებას, იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვის გამოხატვისა და სტუდენტებისთვის ევროპაში სასწავლებლად წასვლაში დახმარების გამო.

“გუშინ ჩაატარეს სხდომა, საიდანაც რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ესწრებოდა ამ სხდომას, მაცნობა, რომ ჩემი სალექციო კურსის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, სანამ არ შევიცვლი აზრს და არ განვმარტავ ყველაფერ ამას. მე პოსტიც დავწერე – რა თქმა უნდა, არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას უკრაინასთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე სტუდენტებთან დაკავშრებით.

რატომღაც ცდილობენ, რომ ამ ხალხს, რომლებიც ევროპაში სწავლობენ ან ჩვენ, რომლებსაც გვაქვს განსხვავებული აზრი, მოგვაკერონ ეკლესიის და პატრიარქის მტრის იარლიყი. ეს არის ბოდვა, რადგან ჩვენ არანაირი ეკლესიის მტრები არ ვართ. შეიძლება ჩემი ტონი სხვას ძალიან მკვახედ მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის ჩემი სიტყვები და მე ეს სიტყვები უკან არ მიმაქვს. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩემი დამოკიდებულება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი და სტუდენტების უცხოეთში გაშვებაზე არის ის, რაც დავწერე გუშინდელ პოსტში და არაფერი იცვლება საერთოდ. ვიმეორებ – თავისუფალი აზრის გამო შევიწროება ადამიანის არის მისი დევნა და ეს დღესაც ხდება ჩვენთან, სამწუხაროდ,” – თეოლოგიის დოქტორმა რუსთავი 2-ს.

  • გოჩა ბარნოვმა 7 თებერვლას ფეისბუკ-პოსტით განაცხადა, რომ სასულიერო სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლექციები შეუჩერეს.
  • თეოლოგიის დოქტორის პოსტს სასულიერო აკადამიიდან დეკანოზ ბიძინა გუნიამ უპასუხა და განაცხადა, რომ გოჩა ბარნოვი არ გაუთავისუფლებიათ. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ორშაბათს თეოლოგს კომისია გაესაუბრება, რომელიც გადაწყვეტს, დარჩება თუ არა დღეს დაკავებულ პოსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი