ახალი ამბები

ბაჩო ახალაია: სირცხვილია, რომ პროკურატურა კანონიერი ქურდების პოზიციას იცავს

9 სექტემბერი, 2013 • • 1547
ბაჩო ახალაია: სირცხვილია, რომ პროკურატურა კანონიერი ქურდების პოზიციას იცავს

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

სასამართლო პროცესს ესწრება მხოლოდ ბაჩო ახალია, დანარჩენი ბრალდებულები სასამართლო განხილვას თავს არიდებენ. საქმეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განიხილავს.

 

ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა აღნიშნულ საქმეზე, რადგან გასულია დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა.

 

ადვოკატ გიორგი ონიანის განცხადებით, ციხის ბუნტთან დაკავშირებით ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო 2006 წელს 333–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის ნაკლებად მძიმე დანაშაული. მისი ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. შესაბამისად, 2012 წლის მარტში გამოძიება უნდა შეწყვეტილიყო. 

 

ახალაიას ადვოკატების თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ეს გამოძიება უკანონოდ გააგრძელა. იგივე საქმეზე დაკითხეს მოწმეები და ასევე დაიწყეს ახალი გამოძიება იგივე საქმეზე, ისევ 333–ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც არ უნდა გაეკეთებინათ, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან 6 წელი გასული იყო. 

 

პროკურორი ამ არგუმენტებს არ ეთანხმება, ის ამბობს, რომ ახალაიას და სხვებს ბრალი წაყეებული აქვთ მძიმე დანაშაულისთვის.

 

საბოლოოდ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ აღნიშნული შუამდგომლობა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ის პროცედურების დარღვევით იქნა წარმოდგენილი სასამართლოზე, დაცვის მხარეს ეს შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომაზე უნდა დაეყენებინა.

 

ბაჩო ახალაია  აცხადებს, რომ ეს არის ქურდული სამყაროს შურისძიება რეფორმატორთა გუნდზე, რომელმაც მათ ძალაუფლბა წაართვეს ციხეში და ქვეყანაში. ბაჩო აახლაია სამწუხაროდ ასახელებს იმ ფაქტს, რომ კანონიერი ქურდების პოზიციას პროკურატურა იცავს. 

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლოს სამივე ინსტანციას გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს და გასამართლებული ჰყავს კანონიერი ქურდები – სულ ექვსი პირი, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ დაზარალებულებად გამოაცხადა.

 

საქმის არსებითი განხილვა 10 სექტემბერს, 14 საათზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი