14 თებერვალს აუდიტორია 115 მუშათა დაღუპვას მსვლელობით გააპროტესტებს

სტუდნეტური მოძრაობა “აუდიტორია 115” 14 თებერვალს თბილისში, თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მოაწყობს. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა ან დაშავდა, რაც შრომითი უსაფრთხოების არარსებობის გამო მოხდა.

“აუდიტორია 115” აცხადებს, რომ ამ საკითხზე სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა და 14 თებერვალს, 19:00 საათზე მსვლელობას აანონსებს:

“გუშინ, კიდევ ერთი, 26 წლის მუშა დაიღუპა მშენებლობაზე. 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მაშინ, როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება!
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!
მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას” – ნათვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.