ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა

31 იანვარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა. ნენსკრა ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დრომდე აშენებული ყველაზე მსხვილი ჰოდროელექტროსადგური გახდება.

კერძოდ, EBRD-ს დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა სს „ნენსკრა ჰიდროსთვის” 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 280 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის განვითარებისა და მშენებლობისთვისაა გამიზნული, ასევე 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია სს „ნენსკრა ჰიდროს“ – პროექტის განმახორციელებელი კომპანიის სააქციო კაპიტალში. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. პროექტის მეშვეობით მოხდება სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება და ქვეყნის ენერგომომარაგების უზრუნველოყოფა.

პროექტი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ხორციელდება, რომელიც ცოტა ხნის წინ სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოფიციალური აქციონერი გახდა.

ნენსკრა ჰესი სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, ეს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრას ხეობაში, ასევე სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ნენსკრასა და ნაკრას ხეობების  მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირების, ასევე თემის წევრთა უნარების განვითარებისა და სხვა საშუალებებით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი