ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

24 აპრილი, 2023 • 714
საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს საპარტნიორო ფონდში განუცხადეს. მათი თქმით, აღნიშნულ ცვლილებას რეფორმა ითვალისწინებს, რომლის შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო.

თუმცა კანონპროექტში არაა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა იქნება რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყარო. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, დეტალების შესახებ ისაუბრებენ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემდეგ.

„რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება საკუთარი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები. შესაბამისად, როგორც ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენც ვეცდებით, რომ მოვიძიოთ დაფინანსება ფინანსური ინსტიტუტებიდანაც. კანონი უშვებს, რომ ადგილობრივი ინვესტორებისგანაც გვქონდეს დაფინანსების მოძიების საშუალება და უცხოელებისგანაც“,- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძემ.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ფონდის  სახელწოდებაც და მას „საქართველოს განვითარების ფონდი“ ერქმევა.

გარდა ამისა, რეფომის ფარგლებში უნდა შეიცვალოს ფონდის მმართველობის სტრუქტურა. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და, შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები.

ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის.

კანონპროექტის თანახმად, ფონდის მიზნებია:

  • კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;
  •  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;
  •  ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში
    საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით;
  •  ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
  • განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი