ახალი ამბებიეკონომიკა

ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ცვლილება ემიგრანტებს არ ეხებათ – ეროვნული ბანკი

29 იანვარი, 2018 • 5330
ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ცვლილება ემიგრანტებს არ ეხებათ – ეროვნული ბანკი

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები, რაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას გულისხმობს, ემიგრანტებს არ შეეხებათ. ეს განმარტება ნეტგაზეთთან საუბარში ეროვნულ ბანკში გააკეთეს.

2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირები ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 2018 წლის 12 ივლისამდე  უნდა გაიარონ.

“ეს ცვლილება ეხება ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულ იმ მეწარმეებს და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ ფულადი გზავნილების მომსახურეობის განხორციელების უფლება. ეს ცვლილება არ ეხებათ მომხმარებლებს. ანუ ცვლილება არ ეხებათ იმ  ადამიანებს, რომლებიც ფულს აგზავნიან, ან ფულად გზავნილებს იღებენ,”-აცხადებენ სებ-ის პრესსამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, ფულადი გზავნილების ცნება გაუქმდა და ყველა სუბიექტი ვალდებული იქნება 6 თვის ვადაში დარეგისტრირდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად.

მასალების გადაბეჭდვის წესი