შსს–მ საუბრის უკანონოდ ჩაწერის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გ.დ., რომელსაც ფულის სანაცვლოდ სხვისი საუბრის უკანონოდ ჩაწერა სურდა, პოლიცის თანამშრომლებმა დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ბრალდება, რომელსაც მას ედავებიან, 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაჰპირდა მოქალაქე დ.ე-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა.

გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ბრალდებით მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com