ახალი ამბები

“ბასიანზე” დაჭრაში ბრალდებულს სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა

17 იანვარი, 2018 • 8174
“ბასიანზე” დაჭრაში ბრალდებულს სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ “ბასიანზე” დაცვის ორი წევრისა და ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შესახებ.

სასამართლო პროცესს დაესწრო ბრალდებული თამაზ ქვლივიძე, რომელიც სასამართლო დარბაზში დააკავეს. პროცესის დაწყებამდე ბრალდებულს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლო პროცესზე კი განაცხადა, რომ დაცვის წევრი არაადეკვატური იყო.

“დაცვის თანამშრომელი ისეთი არაადეკვატური იყო, ასე მგონია, რომ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო,” – განაცხადა ბრალდებულმა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ თამაზ ქვლივიძემ მიმალვა სცადა და რომ არა პოლიციის თანამშრომლების მყისიერი ქმედება, შეიძლება მიმალულიყო.

პროკურორის განცხადებით, თამაზ ქვლივიძე ნასვამი იყო, როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულების განადგურების საშიშროება.

პროცესზე დაცვის მხარემ მაღალი თანამდებობის პირები სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

მათ განაცხადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის და შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებები “პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე ” და სასამართლოს საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი ამ ზეწოლას გაუძლებდა.

მათ საზოგადოებაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს კლუბ ბასიანის ხელმძღვანელობაც.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ დაჭრილ პოლიციელ საველიევს ფორმა არ ეცვა და არც პირადობის მოწმობა წარუდგენია, შესაბამისად, ბრალდებულმა არ იცოდა, რომ ის პოლიციელი იყო.

 

ადვოკატის განცხადებით, არავითარი ახალი გარემოება, რაც გამოიწვევს გირაოს შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას, არ არსებობს. მათივე თქმით, ბრალდებული სასამართლოსთან თანამშრომლობს.

ადვოკატების თქმითვე, საქმეში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება არ არსებობს.

“არავითარი საფრთხე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, რომ მტკიცებულებას გაანადგურებს ან მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, არ არსებობს,” – განაცხადა ადვოკატმა ზვიად მესხმა.

ბრალდების მხარესთან კითხვა ჰქონდა მოსამართლეს – “პირველი წარდგენისას სასამართლოზე არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ რაღაც დააკელით ამ შუამდგომლობას?”- ჰკითხა პროკურორებს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა.

პროკურორმა უპასუხა, რომ დაზარალებულების სამედიცინო ექსპერტიზების წარდგენა ამ პერიოდში შეუძლებელი იყო და ექიმის ჩვენება წარადგინეს.

მოსამართლემ საქმის განხილვის დასრულებისას განაცხადა, რომ დაინტერესდა, თუ რატომ არ წარადგინა ბრალდების მხარემ დაზარალებულების დაზიანებების ფოტოები, რადგან შესაძლოა მხოლოდ ექიმის ჩვენება სასამართლოსთვის არ ყოფილიყო თვალსაჩინო.

მასალების გადაბეჭდვის წესი