თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 3 სექტემბერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საბა სხვიტარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, იგი 5 დეკემბერს დააკავეს.
დაკავებისას და შემდეგაც საბა სხვიტარიძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ის დაკითხეს ადვოკატის გარეშე.
საათების განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ამასთან დაკავშირებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ფორმალურად დაწყებულია, პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
სხვიტარიძის საქმე შესწავლილი აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. ორგანიზაციის შეფასებით, საბა სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. ამასთან, საბა სხვიტარიძე დაკავებისას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ბრალდების მხარის მტკიცებით, საბა სხვიტარიძე 2024 წლის 4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ თავს დაესხა პოლიციელ მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი.
საბა სხვიტარიძის და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენების თანახმად კი, 2024 წლის 4 დეკემბერს საბა სხვიტარიძეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შესასვლელთან დაპირისპირება ჰქონდა ე.წ. „ტიტუშკებთან“, მუქი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ, პარბადეებით სახედაფარულ პირებთან, რომლებიც სასტუმროსთან იყვნენ მისული და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც სასტუმროში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.
TI-ის სამართლებრივი ანალიზის თანახმად: „სწორედ ამ „ტიტუშკებს“ შორის იყო ე.წ. „დაზარალებული“ მირიან ქავთარაძეც, რომელიც გამოირჩა იმით, რომ ხელი დაარტყა იქვე მყოფ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ცდილობდა ნიღაბი და კაპიუშონი ჩამოეხსნა მირიან ქავთარაძისათვის. ამ დროს გაისმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან შეძახილი – „ქალს ხელს როგორ ურტყამო“. ამას მოჰყვა დაპირისპირება ორ ჯგუფს – ოპოზიციის წარმომადგენლებსა და „ტიტუშკებს“ შორის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ქავთარაძეს და არც რომელიმე სხვა „ტიტუშკას“ არ ეცვა პოლიციელის ფორმა და არც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდა ტანსაცმელზე, რომელიც გარეშე პირს, მათ შორის, საბა სხვიტარიძეს მიანიშნებდა, რომ საქმე „პოლიციელთან“ ჰქონდა“.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
თუმცა პროკურატურას მოუწია ეღიარებინა, რომ საბა სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, პირბადითა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მირიან ქავთარაძე, პოლიციელი, ვისზე თავდასხმასაც აქამდე ედავებოდნენ, პოლიციელი იქნებოდა. მის მიმართ წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა.
მოსამართლეს შეეძლო საბა სხვიტარიძისთვის სასჯელის სახით ჯარიმა ან 6 თვემდე გამასწორებელი სამუშაო დაეკისრებინა, ან შინაპატიმრობა ორ წლამდე, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელი აირჩია.
საბა სხვიტარიძე პოლიტიკური პარტია „ახალის“ წევრია.
ავტორი: ნინა სიგუა







