ახალი ამბები

209-ე ბაღის მზარეულები ბავშვებისთვის განკუთვნილი ხორცის გადამალვის ბრალდებით დაითხოვეს

21 დეკემბერი, 2017 • 8399
209-ე ბაღის მზარეულები ბავშვებისთვის განკუთვნილი ხორცის გადამალვის ბრალდებით დაითხოვეს

ბავშვებისთვის განკუთვნილი 5 კილოგრამი ხორცის გადამალვის ბრალდებით 209-ე ბაგა-ბაღის ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია ორგანიზაცია “სკოლამდელები – ჩვენი მომავლის” წარმომადგენელმა ინგა გუგავამ მიაწოდა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი არა დირექტორმა, არამედ  ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა. “კურიერთან” საუბრისას ეს ფაქტი დირექტორმა, ელისაბედ გორგიშვილმა დაადასტურა. ასევე დაადასტურა ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

“ჩვენი რეაგირება წესდების შესაბამისად მოხდა. მზარეული და მზარეულის თანაშემწეები იქნა გათავისუფლებული დაკავებული პოზიციიდან. რაც შეეხება დირექტორს, ეს ჩემი დისკრეციული უფლება იყო და ჩემი გადაწყვეტილების შესაბამისად მას წერილობითი შენიშვნა მიეცა,”- განაცხადა გვანცელაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

სააგენტოს მოქმედებებს აკრიტიკებს “სკოლამდელები – ჩვენი მომავლის” წარმომადგენელი ინგა გუგავა, ვინც მიიჩნევს, რომ სააგენტოს ამის გამო დირექტორიც უნდა დაეთხოვა. ინგა გუგავა  #85 ბაღის ყოფილი დირექტორია და რამდენიმე სხვა ყოფილ დირექტორთან ერთად თბილისის ახლანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.  მას უკვე წელიწადზე მეტია, სასამართლო დავა აქვს ბაღების სააგენტოსთან. გუგავა ეჭვობს, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით არ ხსნიან თანამდებობიდან 209-ე ბაღის დირექტორს.

“დირექტორი როდესაც პასუხისმგებლობას არ იღებს და არც არავინ აკისრებს, ამაზეა საუბარი. ასეთი დირექტორი ინარჩუნებს თანამდებობას, სადაც 5 კილო ხორცი ერთ სადილზე დააკლდა ბაღს და ჩვენ, რომლებიც თურმე ზედმეტად ვაჭმევდით და ბაღს ვახმარდით თანხებს, აბდაუბდა, სრულიად უსაფუძვლო დასკვნის საფუძველზე, ისე, რომ გაფრთხილება და შენიშვნაც არ მოუციათ, იმის გამო, რომ პოლიტიკური ზეწოლა ჩაატარეს ბაღებში, გაგვათავისუფლეს დირექტორები,”- განაცხადა ინგა გუგავამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი