ახალი ამბებიეკონომიკა

თელიასონერაში უარყოფენ, რომ ჯეოსელი ყაზახურ კომპანიას მიჰყიდეს

20 დეკემბერი, 2017 • 3324
თელიასონერაში უარყოფენ, რომ ჯეოსელი ყაზახურ კომპანიას მიჰყიდეს

“ჯეოსელი არ გაყიდულა,” – ასე უპასუხეს ნეტგაზეთის შეკითხვას კომპანია “თელიასონერაში”. როგორც “ნეტგაზეთს” თელიასონერაში განუცხადეს, კომპანიის საკუთრებაში ამ დრომდე რჩება “ფინტურ ჰოლდინგის” წილი, რომლის მფლობელობაშიცაა ჯეოსელი. ჰოლდინგის წილის  58.55 პროცენტი თელიასონერას ეკუთვნის, დარჩენილი 41.45% კი “თურქსელის” საკუთრებაშია.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თელიასონერას მფლობელობაში არსებული ჰოლდინგის შეძენით, რომელშიც ჯეოსელიც შედის, ყაზახური სახელმწიფო კომპანია “ყაზახ ტელეკომია” დაინტერესებული, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა. როგორც ისინი მიუთითებენ, შვედური მედიაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია.

ევრაზიის რეგიონის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შვედურმა კომპანია “თელიასონერამ” ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია. ამ კომპანიის ვებ-გვერდზეცაა გამოაქვეყნებული. კომპანია, რომელიც ევრაზიის მასშტაბით, ყახაზეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვაში, ნეპალსა და რუსეთში ოპერირებდა, ბაზრის დაბალი პოტენციალის და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო დატოვებას გეგმავდა. ამ მიზეზების გამო კომპანიამ 2016 წელს ნეპალი დატოვა, 2017 წელს კი – ტაკიჯეთი.

“როიტერსის” ცნობით, ნორდიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საქართველოსა და მოლდოვაში  საქმიანობას შეწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი