დედა, რომელიც სინამდვილეში სულაც ვერ გახდა საშიში

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის ფარგლებში “პრომეთე” საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის  გადაეცა  ანა ურუშაძის მხატვრულ ფილმს “საშიში დედა“.

ნეტგაზეთი გთავაზობთ კინომცოდნე თეო ხატიაშვილის სტატიას ამ ფილმზე: 


ფრანსუა ტრუფო თავის წერილში “ფრანგული კინოს ერთი ტენდენციის შესახებ”, რომელიც გახდა “საავტორო თეორიის” საპროგრამო ტექსტი,  კრიტიკულად განიხილავს ე.წ. “ტრადიციული ხარისხის” კინოს, რომელიც მასში განვითარებული ახალი თემებითა და ახალი სიუჟეტებით იპყრობს ყურადღებას, მათ შორის, ტიტულოვან ფესტივალებზე.

პოსტ-პოსმოდერნისტულ რეალობაში შეიძლება ავტორთა პოლიტიკაზე დისკუსიამ უკვე დაკარგა აქტუალურობა (მით უმეტეს, რომ უკვე მაშინ ფრანგული “ახალი ტალღის” წარმომადგენლების მასწავლებელი ანდრე ბაზენი ზედმეტად ნაივურად მიიჩნევდა მათ “აკვიატებას” ავტორებით), ამ წერილისა თუ ზოგადად თეორიის  ძირითადი პათოსი მაინც რჩება კინოკრიტიკის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი – სცენარის ბანალურობა ან პირიქით, მისი ორიგინალურობა არ არის ფილმის მხატვრული ღირებულებისა და მნიშვნელობის მთავარი განმსაზღვრელი.

ანა ურუშაძის “საშიში დედა”, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამით გახდა წარმატებული. საქართველოში ის ლამის მთავარ კინემატოგრაფიულ მოვლენად აღიარეს და “ოსკარზეც” წარადგინეს. სიუჟეტიც და პერსონაჟიც ახალია, ყოველ შემთხვევაში ქართულ კინოში. დედა, რომელიც ქართულ კულტურულ ნარატივში დღემდე საკრალურად რჩება, ფილმში საშიშია. თუმცა ესეც უფრო ერთი შეხედვით – შუა ხნის მწერალი მანანა (ნატო მურვანიძე) ჩვულებრივი დიასხალისი და ოჯახის დედაა, ყოველ დილა უაზარმაზარი პარკებით ეზიდება სანოვაგეს, შვილების მიყრილ თეთრეულსაც საგულდაგულოდ აგროვებს და ბინაც დასუფთავებული აქვს. ერთი ეგ არის, საკუთარ თავს არ უვლის, დაუბანელი თმითა და ძველმოდური ტანსაცმლით დადის, რაც მას ნაკლებად, თუმცა ქმარს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ადარდებს.

მწერალი ქალის რეპრეზენტირების მიმართ ჩემი, როგორც კრიტიკოსისა თუ მაყურებლის, პრეტენზია სწორედ აქედან იწყება, ამ მყარი სტერეოტიპული სახიდან, რომ მწერალი/ხელოვანი ქალი მოუვლელი და დაუბანელი უნდა იყოს, რაც მის არტისტულ თავისუფლებაზე თითქოსდა უკვე თავისთავად მეტყველებს. ცხადია, ამას ემატება გაფანტულობა, ყოფისადმი გულგრილობა, “შეშლილობა”, რაც სივრცეში გარინდებული, დაშტერებული ყურებით გამოიხატება (ნატო მურვანიძის პერსონაჟი აშკარად ვირჯინია ვულფის ძალიან ზედაპირული გმირით არის ინსპირირებული სტივენ დოლდრის ფილმიდან “საათები”). ეს თვისება აუცილებელია ხელოვანის შთაგონებისთვის, რის შედეგადაც ორდინარული თბილისული აბაზანის კაფელზე შეიძლება მთელი რომანის სიუჟეტისთვის სასარგებლო ანარეკლები აღმოაჩინო, რომელიც დაუსრულებელი ფანტაზიის წყაროდ იქცევა.

სწორედ ამ ფანტაზიებში ხდება დედა “საშიში”. რომანი, რომელსაც ბოლოსდაბოლოს გაბედავს და წაუკითხავს მანანა ოჯახს, თავზარდამცემი იქნება ქმრისთვისაც და შვილებისთვისაც (როგორც ფინალში ირკვევა, არც მამაა (ავთო მახარაძე) მაინცდამაინც კმაყოფილი – ასეთი სუსტი რატომ გამომიყვანეო – ჩივის). ამიტომაც მოაწყობენ კორპუსის აივანზე აუტოდაფეს. მანანას უხამსი ეროტიკული ფანტაზიები “ქართლის დედის” უმწიკვლობის მითსაც ამოატრიალებს და შვილებისთვის შეწირული მზრუნველი ქალისასაც. თამამი (მით უმეტეს ქალისთვის) ტექსტი გამომცემლობებისთვის პორნოგრაფიად იკითხება და უარს ამბობენ მის დაბეჭვდაზე. ერთადერთი, ვისაც მანანას გენიალურობის სჯერა, მისი მეგობარი რედაქტორი, საკანცელარიო მაღაზიის მფლობელია (რამაზ იოსელიანი).

მაყურებელი ბოლომდე ვერ იგებს, რომანი მართლაც გენიალურია თუ მხოლოდ თავისი პიკანტურობით შეიძლება მიიქციოს ყურადღება? მცირე ფრაგმენტი, რომელსაც კითხულობს მანანა, დიდ ლიტერატურულ გაქანებაზე მაინცდამაინც ვერ მეტყველებს, თუმცა რეჟისორს, როგორც ჩანს, ამის ჩვენება/გაცხადება არც დაუსახავს მიზნად. ფილმი უბრალოდ ქალზეა, რომლისგანაც ჩვეულებრივი, ლამაზი (უკიდურეს შემთხვევაში – მოვლილი მაინც) ცოლისა და დიასახლისის როლს ითხოვენ, მას კი მწერლობა უნდა. პრინციპში წერასაც არავინ უშლის, პირიქით, ქმარი დიდსულოვნად ოთახსაც უთმობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი უპრეტენზიო, ქალური სითბოთი და სიყვარულით იქნება გაჟღენთილი.

ზემოთ მოხმობილ წერილში ტრუფო ახალგაზრდა რეჟისორების ერთგვარი გამოცდის მიზნით მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, მათ დაევალოთ პირველი ფილმის გადაღება ცნობილი მსახიობ(ებ)ის, ეროტიკის, ძალადობის სცენების გარეშე, რაც გამოავლენს, თუ რამდენად შეუძლიათ, დამატებითი ეფექტების გარეშე გადაიღონ კინო – კინო, რომელიც პირველ რიგში გამოსახულებით მეტყველებაა.

ნაცრისფერ ტონალობაში გახვეული ტიპური უსახური ურაბანული გარემო ერთი შეხედვით თითქოს ქმნის ატმოსფეროს, მაგრამ ისიც – პერსონაჟის მსგავსად – ბრტყელ მოცემულობად რჩება, რომელიც არანაირად მონაწილეობს ფილმის დრამატურგიულ განვითარებაში. ერთადერთი ეპიზოდი, რომელიც (თვალით) გამახსოვრდება, ოჯახისთვის რომანის წაკითხვის სცენაა. ნერვიულობისგან პირგამშრალი მანანა წყვეტილად კითხულობს თავის ნაწერს. კამერა ნელა იხევს უკან, ნეიტრალური კედლის ფონზე ფრონტალურად განლაგებული ქმარი და შვილები თანდათან  შემოდიან კადრში და საბოლოოდ კამერა მანანას საშუალო ხედიდან ოჯახური პორტრეტის საერთო ხედზე ჩერდება. ბრაზი, სიჯიუტე, მოულოდნელობისგან მიღებული შოკი თავს იყრის ამ ნეიტრალურ, ხაზგასმულად სტანდარტულ კადრში.

მაგრამ მთლიანობაში ფილმი დისტანციურს გტოვებს ოჯახურ დრამასთანაც და მთავარ გმირთანაც, რადგან ეპიზოდიდან ეპიზოდში ფორმულირებულ პრობლემას, დიალოგების ნაცვლად მაქსიმების გაცვლა-გამოცვლას, პერსონაჟების ნაცვლად როლურ სქემებს აწყდები. ამ სიბრტყობრიობაში კი ვერც რედაქტორზე მანანას სექსუალური ძალადობის მსგავს “ეპატაჟურ” ეპიზოდებს შემოაქვს სიცოცხლე (მით უმეტეს, რომ ისიც “ბრტყელია”) და ვერც “მამების აჩრდილებსა” თუ მამების თაობის პათეტიკაზე ირონიას, რომელიც სინამდვილეში არც იკითხება მანანასა და მამამისის ფინალურ ვრცელ მოსაწყენ ეპიზოდში. ავთო მახარაძე, რომელიც როგორც ჩანს, სწორედ ამ ნიშნით იყო შერჩეული როლზე, ისევ ტლანქ სქემად რჩება, რადგან მას საკუთარ სასცენო თუ ეკრანულ იმიჯზე ირონიული რეფლექსირების უბრალოდ მცდელობაც კი არ აქვს.

ანა ურუშაძის “საშიში დედა” მთელი თავისი საფესტივალო ისტორიების მიუხედავად არ არის წარმატებული, თუმცა შესაძლოა მომავალი წარმატებებისთვის  ნამდვილად იქცეს საუკეთესო გამოცდილებად, თუ როგორ არ უნდა გადაიღო ფილმი. ყოველ შემთხვევაში დებიუტანტ რეჟისორს მე ამას გულწრფელად ვუსურვებდი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი