გუმათჰესში ცეცხლს ამ დრომდე ვერ აქრობენ – დაღვრილია 18 ტონამდე საწვავი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.

გუმათჰესი/ ფოტო: თორნიკე თურაბელიძე/06.12.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.