შსს-ს ინფორმაციით, იმერეთში ყაჩაღობის ბრალდებით აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე თერჯოლის რაიონ სოფელ ბროლისქედში დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ორ ადამიანს, რომლებიც „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ხუთი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა მუქარის შედეგად მათ 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფის წევრების ვინაობა დაადგინა. გამოძიების ცნობით, ჯგუფის სამი წევრი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი- აზერბაიჯანის. დაკავებულები 1988 და 1973 წელს დაბადებული პირები არიან.

“წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის, ნ.ს-ს (მეტსახელად ”გული”) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან. სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი – 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით  თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე  სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.