საკაბელო ოპერატორები მაუწყებლებთან ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მათ ტრანზიტს არ წყვეტენ

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თბილისსა და რეგიონებში მოქმედმა საკაბელო ოპერატორებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქართული არხების უფასო ტრანსლირებას ითხოვენ და ამ პროცესში კომუნიკაციების  კომისიას დახმარებას სთხოვენ. 

“ნიუ კომის” დირექტორი, ზაზა აგლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კომისიამ მხარეების მოსარიგებლად არაფერი გააკეთა.

“ამ ეტაპზე ჩვენ სიგნალის გათიშვას არ ვაპირებთ და შევდივართ სამართლებრივ დავაში. თუ აქვთ სურვილი და საშუალება, თვითონ ამ ტელევიზიებმა გამორთონ სიგნალი და აუხსნან მოსახლეობას, რატომ გამოურთეს სიგნალი. მარეგელირებელი კომისია თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. მან ამოწურა არსებობის ყველანაირი საშუალება და ამიტომ შეიძლება პარლამენტში შევიდეთ ინიციატივით, საერთოდ გაუქმდეს კომისია. მით უმეტეს, ქვეყანაში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როგორიც არის სამინისტროების გაერთიანება, ქალაქის მერიაში გაუქმდა კომისიები და ა.შ. მარეგულირებელი პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი და თავის მოვალეობას არ ასრულებს. სწორედ ამას ვაპროტესტებთ,”-განაცხადა კახა აგლაძემ.

მოგვიანებით კომისიის წევრები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა აგლაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საკაბელო ოპერატორები გადაწყვეტილებას არ ცვლიან და მომხმარებლებს სიგნალს არ გაუთიშავენ. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლები სასამართლოს მიმართავენ, მაშინ საკაბელო ოპერატორები მზად არიან, სამართლებრივად ედავონ მაუწყებლებს.

“გეტყვით, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ იყო, რასაც მე ველოდი და არ მინდოდა ამ შეხვედრაზე შესვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. მათ მოგვისმინეს, გაიგეს, რაშია პრობლემები. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ისედაც იცოდნენ, რაშია პრობლემები. ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენს აბონენტებს არ შეუწყდება ამ არხების სიგნალი. ოღონდ აქ საინფორმაციო არხებზეა საუბარი და არა მარაოზე ან სხვა გასართობ არხებზე. ამ არხების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩვენ კი არ გვინდა კანონის ჩარჩოებიდან გავიდეთ. must carry-ის კანონის მიხედვით, შესაძლებელია, ისინი გავთიშოთ და საინფორმაციო არხები დავტოვოთ, “-განაცხადა ზაზა აგლაძემ.

კომისიის მუშაობაზე შენიშვნებს არ იზიარებს  GMR-ის დირექტორი, ზურაბ ნაყეური. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შემდგარიყო.

“ჩვენ ორი კვირაა მაყურებელს ვუხსნით, რომ პირველი დეკემბრიდან შესაძლოა ზოგიერთმა საკაბელომ არ მიიღოს ჩვენი პირობა და ვთავაზობთ ალტერნატიულ გზებს, როგორიც არის Set- top box, სატელიტი, სხვა საკაბელო ოპერატორზე გადასვლა და ა.შ,”-განაცხადა ზურაბ ნაყეურმა.

GMR-მა შეთანხმებას მიაღწია კომპანია “სილქნეტთან”. კომპანიის ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან და სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო და კომედი არხი. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი.

ამავე არხების ტრანსლირებას მოახდენს “მაგთიც”, თუმცა ამ უკანასაკნელმა აბონენტებს გაუძვირა მომსახურება.

საკაბელო ოპერატორების ინფორმაციით,  მაუწყებლებთან ტრანზიტის საკითხზე დავა ექვსი თვეა მიმდინარეობს. საკაბელო ოპერატორებმა მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მოთხოვნით პარლამენტს ოქტომბერში მიმართეს. მაშინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ინიციატივის შესასწავლად დრო ითხოვა და განხილვა გადადო.

საკაბელო ოპერატორებმა საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებით პარლამენტს მას შემდეგ მიმართეს, რაც მაუწყებლებისგან (იმედი,  მაესტრო, რუსთავი 2, ჯი-დი-ესი; მარაო, კომედი არხი)  წერილი მიიღეს, სადაც მაუწყებლები ტრანზიტის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ.

საკაბელო ოპერატორების მიერ მომზადებული ინიციატივა კანონმდებლობაში ე.წ Must Carry -ისა და Must Offer-ის აღდგენას გულისხმობდა, რომლის საშუალებითაც საკაბელო ოპერატორებს უფლება ექნებათ,  ანაზღაურების გარეშე განახორციელონ მაუწყებლობის ტრანზიტი. Must Carry -ისა და Must Offer-ის პრინციპი, რომელიც 2012 წელს მიიღეს, საარჩევნო კოდექსში უკვე აღარ გვხდება და საკაბელო ტელევიზიების კავშირი საკანონმდებლო წინადადებაში ცვლილებების აუცილებლობას სწორედ ამაზე აპელირებით ასაბუთებს.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის საკაბელო ოპერატორისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, მაშინ  მაუწყებელსა და ოპერატორს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება.

ტელეკომპანია  “იმედის” იურისტი ანდრო ლაშხი კომიტეტის სხდომის დასრულოების შემდეგ აცხადებდა, რომ  ამ საკანონმდებლო ინიციატივის რეალური მიზანი ოპერატორების მიერ თანხის გადახდისთვის თავი არიდება იყო.

საკაბელო ოპარატორების განმარტებით კი, ისინი ხელს უწყობენ სამაუწყებლო კომპანიების სიგნალის გავრცელებას საქართველოს მასშტაბით, რითაც ზრდიან ტელევიზიების ყურებადობას. რეიტინგი კი ტელევიზიების შემოსავალზე აისახება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.