ახალი ამბები

საკაბელო ოპერატორები ტელევიზიების უფასოდ გავრცელების უფლებას ითხოვენ

24 ოქტომბერი, 2017 • 1976
საკაბელო ოპერატორები ტელევიზიების უფასოდ გავრცელების უფლებას ითხოვენ

საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების  შეტანას ითხოვს. ამ ცვლილებით  საკაბელო ოპერატორებს უფლება ექნებათ, ანაზღაურების გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტი განახორციელონ, ხოლო მაუწყებლებს ტრანზიტის საფასურის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ.

ჯერ უცნობია, გადაიქცევა თუ არა საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად და განიხილავს თუ არა მას პარლამენტი. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მისი განხილვა კიდევ ერთხელ გადადო.

საუბარია კანონმდებლობაში ე.წ  Must Carry -ისა და Must Offer-ის აღდგენაზე, რომლის საშუალებითაც საკაბელო ოპერატორებს უფლება ექნებათ,  ანაზღაურების გარეშე განახორციელონ მაუწყებლობის ტრანზიტი. Must Carry -ისა და Must Offer-ის პრინციპი, რომელიც 2012 წელს მიიღეს, საარჩევნო კოდექსში უკვე აღარ გვხდება და საკაბელო ტელევიზიების კავშირი საკანონმდებლო წინადადებაში ცვლილებების აუცილებლობას სწორედ ამაზე აპელირებით ასაბუთებს.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის საკაბელო ოპერატორისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, მაშინ  მაუწყებელსა და ოპერატორს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება.

საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებით საკაბელო ოპერატორებმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართეს, რაც მაუწყებლებისგან (იმედი,  მაესტრო, რუსთავი 2, ჯი-დი-ესი; მარაო, კომედი არხი)  წერილი მიიღეს, სადაც მაუწყებლები ტრანზიტის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ.

დღეს დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა დეპუტატებს საკანონმდებლო წინადადება გააცნო.

თეონა ბერუაშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებელს აქვს უფლება ოპერატორი დაავალდებულოს, ჩართოს საკაბელო ქსელში. 2012 წელს ე.წ must carry-ის პრინციპი ამოქმედდა, რაც საკაბელო ოპერატორების მიერ ყველა ქართული საინფორმაციო ტელეარხის სავალდებულიო ტრანსლირებას გულისხმობდა. საკაბელო ტელევიზიების კავშირის ინფორმაციით, must carry-ით ოპერატორები ტრანსლირების საფასურს მაუწყებლებს არ უხდიდნენ.  

“დღეს რამდენიმე მაუწყებელი, რომლებიც ერთამანეთთან იყვნენ დაპირისპირებული გაერთიანდნენ და საკაბელო ოპერატორებისგან ითხოვენ მათი სიგნალის გავრცელებისთვის თანხას. მათი მოთხოვნა ჩვენი შეფასებით არასამართლიანია . ამის მოთხოვნა მათ მაისში დაიწყეს და ამის შემდეგ საკაბელო ოპერატორები ცდილობდნენ საქმე ურთიერთმოლაპარაკებების გზით გადაეწყვიტათ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს კომპანიები ბოროტად იყენებენ ბაზარზე მათ მაუწყებლობას,”-განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

საკაბელო ოპარატორების განმარტებით, ისინი ხელს უწყობენ სამაუწყებლო კომპანიების სიგნალის გავრცელებას საქართველოს მასშტაბით, რითაც ზრდიან  ტელევიზიების ყურებადობას. რეიტინგი კი ტელევიზიების შემოსავალზე აისახება.

GMR-ის დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას  საკანონმდებლო წინადადების  შესასწავლად გარკვეული დრო ითხოვა. ზურაბ ნაყეურის თქმით, მაუწყებლების მხრიდან საფასურის მოთხოვნა სამართლიანია და ამით მაუწყებლები კანონს არ არღვევენ.

სხდომას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურისტი ეკა ჭახრეტიაც ესწრებოდა. საკაბელო ოპერატორების განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისია მხარეა და ცალსახად მაუწყებლების პოზიციას იზიარებს.

“მაუწყებელი ქმნის კონტენტს და დიდ ხარჯს სწევს. როგორ ხედავთ თქვენ დისკრიმინაციას, როდასაც თქვენ შემოსავალს მაუწყებლის ხარჯზე იღებთ,”-განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტმა ეკა ჭახრეტიამ.

კომიტეტის სხდომას ტელეკომპანია “იმედის” იურისტი ანდრო ლაშხიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, ეს არის ორ ბიზნე სუბიექტს შორის დავა და ის პარლამენტში არ უნდა განიხილებოდეს. იურისტი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ოპერატორებმა თანხის გადახდას თავი აარიდონ.

“მათი მოთხოვნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ჩვენ ბიზნესოპერატორები ვართ. ვდებთ ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ჩვენი პროდუქტის შექმნისთვის. თუ ვინმეს უნდა ჩვენი პროდუქციის შეძენა და ამაზე ფულის გაკეთება, მოვიდნენ, დაელაპარაკონ კომპანიას და გადაიხადონ ფული. თუ მაუწყებელი მოსთხოვს ოპერატორს, გამავრცელეო, ოპერატორი ვალდებულია გაავრცელოს, ოღონდ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ოპერატორი თანხას არ იხდის. მაგრამ, ამავდროულად, მაუწყებელს შეუძლია გავრცელებისთვის მოითხოვოს ანაზღაურება, ამ შემთხვევაში ოპერატორი ვალდებული არ არის  გაავრცელოს,”-ამბობს “იმედის” იურისტი.

ანდრო ლაშხი განმარტავს, რომ მაუწყებლები ოპერატორებთან გარკვეულ დათმობაზე უკვე წავიდნენ და  თავდაპირველად მოთხოვნილი თანხა შეამცირეს.

“ნიუ კომის” დირექტორმა ზაზა აგლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებენ, გარკვეული პაკეტში გადაიხადონ ფული, რომელშიც რუსთავი 2-თან ერთად “მარაოც” შედის.

“დღეს ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დეპუტატების თითქმის მთელმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საკითხის განხილვა გადაიდოს. რათა უფრო კარგად  გაერკვნენ საკითხში. ეს საკითხი არის საკანონმდებლო დონეზე გადასაწყვეტი  და არა ორ სუბიექტს შორის დავა, რასაც ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ. ამ მაუწყებლებს პაკეტის დაშლაც არ უნდათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ექვსივე ერთად არ გვინდა. ხომ არ შეიძლება, მაღაზიაში პიჯაკის საყიდლად შევიდე და მითხრან, რომ პიჯაკთან ერთად გადამყვანიც უნდა ვიყიდო, სხვა შემთხვევაში ამ პიჯაკის ყიდვას ვერ შევძლებ. ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს არის მოსახლეობის ჯიბეში ხელის ფათური,”- ამბობს ზაზა აგლაძე.

ინიციატივის განსახილველად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დრო ითხოვა. კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკითხის გადაწყვეტაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი