ახალი ამბები

პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩია

30 ნოემბერი, 2017 • 9082
პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩია

30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

ლომჯარიას კონკურენტმა, გიორგი ფოფხაძემ, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა წარადგინა, 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო 27-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მოქმედ სახალხო დმაცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

http://www.feminism-boell.org-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო ლომჯარიას ბიოგრაფია ასე გამოიყურება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ხელმძღვანელად:

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, კარგი მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა,  ანტიკორუფციული კვლევები.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული.

ბიოგრაფია:

ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2011), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2006).

2011 წლიდან 2015 წლამდე ნინო ლომჯარია იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). 2015 წლიდან არის ევროპული საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელის, ENEMO-ს გენერალური მდივანი. ორგანიზაცია 17 ქვეყნის 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია  ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია  EPDE-ს გამგეობის წევრია 2014 წლიდან.

2004-2008 წლებში ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა  იურისტის პოზიციაზე კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე. 2008-2010 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად, რაც მოიცავდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მართვას. 2010 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის კვლევის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.

2016-2017 წლებში ლომჯარია მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილედ.

ნინო ლომჯარია  არის 15 კვლევის  ავტორი არჩევნების მონიტორინგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედიაგამჭვირვალობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.

ინტერვიუ ნინო ლომჯარიასთან ნეტგაზეთმა 29 ნოემბერს ჩაწერა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე დაკლიკებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი