შსს ძეგლების პირბადეებით შენიღბვის ფაქტს სწავლობს

შსს თბილისში არსებულ ძეგლთა ნაწილის პირბადეებით შენიღბვის ფაქტს სწავლობს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

მანამდე, მომხდარს თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ: კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, “პატივსაცემი ძეგლების პირბადეებით აღჭურვა შეურაცხყოფაა”. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

29 ნოემბრის დილით თბილისში არსებულ ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადით შენიღბული დახვდათ. კამპანიის როგორც ინიციატორი, ისე მიზანი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მათი დიდი ნაწილის ვარაუდით, შესაძლოა, პერფორმანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უსვამდეს ხაზს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე შენიღბულები ჩანან გიორგი ლეონიძის, გალაქტიონ ტაბიძის, ილიასა და აკაკის, მიხეილ თუმანიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ძეგლები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან