ახალი ამბები

ამნისტია ფარული ჩანაწერების ასლების მფლობელ იურიდიულ პირებსაც შეეხება

11 ივლისი, 2013 • • 1187
ამნისტია ფარული ჩანაწერების ასლების მფლობელ იურიდიულ პირებსაც შეეხება

აღნიშნული ინიციატივები ნასამართლეობის მოხსნას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, როგორც ნივთმტკიცების ამოღებას და უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების შემნახველების ამნისტიას ეხება.

 

სხდომაზე კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გამოთქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა შავგულიძემ. შავგულიძე მიიჩნევს, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების კანონპროექტში იურიდიული პირებიც უნდა იქნენ გათვალისწინებული, რადგან არაა გამორიცხული, მსგავს ჩანაწერებს ისინიც ფლობდნენ:

 

“სისხლის სამართლის  კოდექსის 158-ე მუხლი ითვალისწინებს იურიდიული პირის პასუხისმგებლობასაც ამ პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებისთვის და ამნისტიის შესახებ ამ კანონპროექტში არ იყო ასახული, იურიდიულ პირთა მიმართ როგორ წყდებოდა საკითხი. ამაზე გავაკეთეთ გარკვეული მინიშნება, დავაყენეთ ეს საკითხი, ინიციატორმა და ავტორმა გაიზიარეს, შესაბამისად, კანონში შეტანილი იქნება, რომ იურიდიულ პირებზეც გავრცელდება ეს აქტი. ეს სწორიც არის, რადგან ამ ამნისტიის აქტის მთავარი დანიშნულება არის გააჩინოს მოტივაცია უკანონოდ მოპოვებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის წარდგენისა სამართალდაცავ ორგანოებში და, რა თქმა უნდა, იურიდიულ პირებსაც უნდა გაუჩნდეთ ასეთი მოტივაცია. მით უმეტეს, სისხლის სამართლის კანონის თანახმად, სადაც რეგულირებულია იურიდიული პირების პასუხისმგებლობა, იქ აღნიშნულია, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება არ იწვევს ავტომატურად იურიდიული პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ამიტომ საჭირო იყო ამნისტიის აქტში მკაფიოდ განსაზღვრულიყო, როგორ წყდება იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.”

 

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტები დღეს უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი