ახალი ამბები

ირაკლი შიხიაშვილი ‘ქართუ ბანკის” გაკოტრების სქემაში მონაწილეობას უარყოფს

11 ივლისი, 2013 • • 1886
ირაკლი შიხიაშვილი ‘ქართუ ბანკის” გაკოტრების სქემაში მონაწილეობას უარყოფს

როგორც შიხიაშვილმა დღეს, 11 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას “ქართუ ბანკის” გაკოტრებასთან არაფერი აკავშირებს.

 

“მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ თბილისის საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ იმას, რომ ნაცმოძრაობამ უმრავლესობა დაკარგა, სრულ აგონიაში ჩააგდო ქალაქის მერი და მისი ნაცმოძრაობა. აგონიამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ გიგი უგულავას დავალებით მელია–ბაჭიებმა სრული ბოდვაც დაიწყეს, მაგრამ მე მინდა მოვახსენო თბილისელებს, რომ მე, ირაკლი შიხიაშვილი და ჩემი კოლეგები ვპირდებით თბილისელებს, რომ გიგი უგულავას და მისი მელია–ბაჭიების ტალახის სროლა, მათი ბინძური პროპაგანდა, მათი ბინძური ავანტიურა და უზნეობის პარპაში ძალიან მალე დამთავრდება ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა შიხიაშვილმა და დასძინა, რომ მას ამ საქმესთან არაფერი აკავშირებს და არც დაკითხული ყოფილა.

როგორც ცნობილია, “ქართუ ბანკის” საქმეში ბრალდებულმა ლაურა ღაჭავამ და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა ნიკა მელიამ გუშინ გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადეს, რომ საქმეში ბრალდებულების რიცხვი შემცირდა. მელიას მტკიცებით,  გაკოტრების სქემაში მონაწილეობას გამოძიება შიხიაშვილსაც ედავებოდა, თუმცა მოგვაინებით მისი გვარი საქმის მასალებიდან გაქრა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო,  პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.   

 

“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”– განაცხადა გიორგობიანმა

 

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკოლოზ  მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა,  ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

 

 

“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში,  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდიდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი  მეპატრონეები  აკონტროლებდნენ”

 

შსს აცხადებს, რომ  ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულშლებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.

 

“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა  და 3  757 000  ლარის კრედიტები”

 

ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტებს კონკრეტული ფაქტის შესახებ უამბო. მისი თქმით, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი  ქართუს გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება, თავის მხრივ, შესრულება ჯაბა ებანოიძემ დააბარა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ოთარ აგლაძეს.  აღნიშნული პირები დაუკავშირდენენ ხელისუფლებასთან დაახლოვებულ იმ ბიზნესმენებს,  რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ნათესავების საწაროები „პირიმზე“ და სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა“,  მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები- ლოგოსი და ამხანაგობა “თეთრი სახლი’

 

შსს–ს აცხადებს, რომ ყველა კომპანიამ შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება,  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა, ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

 

“2012 წლის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს პირადად დაავალა, ყველა ეს ქონება პირდაპირი წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელსაც მას შემოსავლების სამსახური გაუგზავნიდა, ამ გზით ყველა ეს ქონება იმ ფიზიკურ პირებზე გაიყიდა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს”

 

ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ, ოთარ აგლაძემ, დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა   ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი