ახალი ამბები

სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს ბრალი ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით წარედგინა

23 ნოემბერი, 2017 • 2879
სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს ბრალი ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით წარედგინა

პროკურატურის პრესსპიკერის განცხადებით, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულია პირი ინიციალებით ს.დ. მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, რომელიც ტერორიზმთანაა კავშირში და მუხლები ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“2017 წლის 21 ნოემბრს დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა/ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება”,- აცხადებს ნათია სუხიაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 323-ე მუხლი ტერორისტული აქტის მუხლია და განმარტებლია, როგორც აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით.  მუხლიისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმდად, 328-ე მუხლი გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.


21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. .

მასალების გადაბეჭდვის წესი