უკრაინის ომბუდსმენის თქმით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია უკანონოდ განხორციელდა

21 ოქტომბერს უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე არალეგალურად, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის გარეშე, ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ წერს KyivPost,  უკრაინის  ომბუდსმენის, ვალერია ლუტკოვსკას განცხადების მიხედვით.

ვალერია ლუტკოვსკამ აღნიშნული განცხადება 22 ნოემბრის ბრიფინგზე გააკეთა, ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყნის სამიგრაციო სამსახურიდან მიიღო. იძულებით დეპორტაციას უკრაინის კანონი კრძალავს.

ქართველები, რომელთა დეპორტაციაც 21 ოქტომბერს მოხდა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის, გიორგი რუბაშვილი, ექსპრეზიდენტის დაცვის უფროსი; დავიდ მაყიშვილი, სააკაშვილის მეგობარი, რომელიც დონბასში იბრძოდა და წვრთნიდა უკრაინის ეროვნულ გვარდიას, და მიხეილ აბზიანიძე, სააკაშვილის ყოფილი მძღოლი. მათ განცხადებით, ისინი კიევში გაიტაცეს, სცემეს და შემდეგ არალეგალურად უკან გააგზავნეს საქართველოში, ყოველგვარი ორდერის გარეშე. ამ ბრალდებას უარყოფს ხელისუფლება. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვალერი ჰელეტეი უარყოფს, რომ ჩაერია დეპორტაციის პროცესში.

როგორც “კიევპოსტი” წერს, არიან თვითმხილველები, რომლებიც  ქართველების დაკავებას შეესწრნენ. ერთ-ერთი თვითმხილველი, ანონიმურობის დაცვის პირობით ჰყვება, რომ ერთ-ერთმა პირმა მაყიშვილს თავი წარუდგინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა და სპეციალური საბუთიც აჩვენა. მეორე თვითმხილველის თქმით, მან დაინახა კამუფლაჟიანი პირები, რომლებმაც მაყიშვილი იძულებით ჩასვეს ლურჯ ფოლკსვაგენ მულტივანში, რომელსაც ევროკავშირის სალიცენზიო საავტომობილო ნომერი ჰქონდა.

გარდა ამისა, KyivPost-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამიგრაციო სამსახურმა განაცხადა, რომ ამ სამ პირს გაუუქმდა ბინადრობის ნებართვა, ვინაიდან საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია და ქვეყნის საკუთარი ნებით დატოვებისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც ქვეყნის ომბუდსმენმა აღნიშნა, უწყებას არ წარუდგენია ბინადრობის ნებართვის გაუქმებისთვისა და პირებისთვის გამაფრთხილებელი საჭირო დოკუმენტები. დოკუმენტების არარსებობის შესახებ დეპორტირებული პირების ადვოკატმაც უთხრა გამოცემას. პავლო ბოგომაზოვის თქმით, სამიგრაციო სამსახურმა მასაც ვერ მიაწოდა ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც ბინადრობის ნებართვის გაუქმების საფუძვლად გამოდგებოდა.

სახელისუფლებო ძალების მიერ კანონის დარღვევაზე საუბრობს ბორის ზახაროვიც, უკრაინა-ჰელსინკის ადამიანის უფლებათა გაერთიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი თქმით, არალეგალური დეპორტაცია კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, და სააკაშვილთან დაახლოებული პირთა დეპორტაცია უკრაინის კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ევროპის ადამიანთა უფლებათა კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან