ახალი ამბები

TI-ის კვლევა: ყველაზე არაკორუმპირებულ ინსტიტუტად ეკლესია დასახელდა

9 ივლისი, 2013 • 909
TI-ის კვლევა: ყველაზე არაკორუმპირებულ ინსტიტუტად ეკლესია დასახელდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობას” გლობალური კორუფციის ბარომეტრის უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, გამოკითხულთა 81%-ს ყველაზე ნაკლებკორუმპირებულ ინსიტიტუტად ეკლესია მიაჩნია. მეორე ადგილზე  ჯარია (73%), მესამე ადგილზე კი არასამთავრობო ორგანიზაციები (71%) დასახელდა. 

 

ამავე კვლევაში, კითხვაზე, რომელი ინსტიტუტია ყველაზე კორუმპირებული, გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა (51%) სასამართლოს ასახელებს. მეორე ადგილზე მედია მოხვდა 42%-ით და 34%-ით – პარლამენტი.

 

“კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე გვჭირდება პროკურატურის რეფორმირება. პროკურატურა უნდა იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლოს ნდობა,”- ამბობს ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.

 

ამავე კვლევაში მონაწილეთა 4%-მა დაადასტურა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია. თუმცა, 107 ქვეყანას შორის, სადაც აღნიშნული კვლევა ჩატარდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ქრთამის გადახდის თვალსაზრისით. 

 

პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში, საქართველოში 1000 მოქალაქე გამოიკითხა.

 

გლობალური კორუფციის ბარომეტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სამდივნოს მიერ ხორციელდება. კვლევა ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე დამოკიდებულებებს იკვლევს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი