ვერძეული: სასამართლო ომბუდსმენის დისკრედიტაციის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის ვრცელ ანგარიშს ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებით გამოეხმაურა. სასამართლო ომბუდსმენს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნანუაშვილი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა. სასამართლოს განცხადება “ნეტგაზეთმა” EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორს სოფო ვერძეულს შეაფასებინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა ციანიდის საქმეზე. სასამართლოს შეფასებით, სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი, მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია. თქვენი აზრით, არის თუ არა ომბუდსმენის კომპეტენცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთოს შეფასებები ?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც სასმართლოს არ ესმის კონსტიტუციური ორგანიზების როლი და დანიშნულება, ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მანდატი. ეს განცხადება, რომელიც სასამართლომ გაავრცელა, გარდა იმისა, რომ ეთიკური და სამართლებრივი ხარვეზებით გამოირჩევა, ასევე არის ერთგვარი გაგრძელება იმ დისკრედიტაციის პროცესის, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც სასამართლო ერთვება ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის პროცესში და ამას სრულიად გააზრებულად აკეთებს. ეს პროცესი დაიწყეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მათ შორის მახსოვს შს მინისტრის განცხადება, ახლა უკვე ვნახეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება და ფაქტია, რომ ის რასაც თბილისის საქალაქო სასამართლო აკეთებს, ეს არის ერთი დიდი პროცესის ნაწილი და სრულიად გააზრებული ნაბიჯი. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ვინ დგას ფორმალურად ამ განცხადების უკან და რა უფლებამოსილების ფარგლებში აკეთებს სასამართლო ასეთ განცხადებას, მათ შორის რატომ თვლის, რომ შეუძლია ერთგვარი პოლიტიკური შეფასება მისცეს სახალხო დამცველის საქმიანობას და მაგალითად, ილაპარაკოს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზე და იმაზე, რომ სახალხო დამცველს ვერ გაურკვევია თავისი მანდატი. ეს, რა თქმა უნდა, არა არის სამართლებრივი შეფასება და არ არის ის შეფასება, რომელსაც საქალაქო სასამართლო უნდა აკეთებდეს,

სასამართლოს ზოგადად აქვს განმარტების გაკეთების უფლება გახმაურებულ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ გავრცელებული განცხადება არ არის სამართლებრივი განმარტებები, რომელსაც სასამართლო საზოგადოებისთვის აკეთებს. ის შევიდა იმის განხილვაში როგორ მუშაობს დღევანდელი სახალხო დამცველი და ამაზე აკეთებს მინიშნებებს განცხადებაში. ეს არის სასამართლოს მხრიდან მონაწილეობა იმ პროცესში, რაც არის სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია.

მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას არ იცნობს და არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს ყველა მოსამართლე. ფაქტია, რომ, რაც ამ განცხადებით ჩანს,სასამართლოს არ ესმის, მოსამართლის დამოუკიდებლობის არსი რაში მდგომარეობს და ის, რომ მოსამართლე თავის საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელია და მას ანგარიშს ვერავინ ვერ მოსთხოვს. ეს სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ უნდა გახდეს ან არ შეიძლება გახდეს ან საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი, მითუმეტეს ისეთი აკადემიური განხილვის საგანი, რაც სახალხო დამცველმა შემოგვთავაზა, გამოქვეყნებული დოკუმენტი არის სრულიად გამართული, აკადემიური და სამართლებრივად დასაბუთებული. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ გაუაზრებლად ან გააზრებულად, მე ვფიქრობ, რომ გააზრებულად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში სახალხო დამცველის დისკრედიტაციის.

განცხადებაში განსაკუთრებით აქცენტირებენ შეფასებაზე, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურია იყო ეს გადაწყვეტილება – ამ ფორმულირებით თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომბუდსმენი გასცდა თავისი კონსტიტუციის ფარგლებს?

არცერთ შემთხვევაში. არავითარი პრობლემა ამ ტერმინებში, რომელსაც სახალხო დამცველი იყენებს, არაა. უფრო მეტიც, ჩვენ მიგვაქვს ხოლმე საკონსტიტუციო სასამართლოში კანონები და ვამბობთ, რომ მათმა გამოყენებამ სასამართლოს მხრიდან მიიღო არაკონსტიტუციური ფორმა. ამის საფუძველზე არამხოლოდ იხილავს სასამართლო ასეთ სარჩელებს ასევე აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ საქმეებს.

ჩვენ ხშირად გვინახავს პრობლემური განცხადებები სასამართლოს მხრიდან, მაგრამ იშვიათია ასეთი ზედაპირული და მოუმზადებელი განცხადება. მაფიქრებინებს, რომ ამ განცხადების და დღეს გაკეთებული სხვა განცხადებების მიზანია, რომ მთავარი საკითხი, რაცაა “ციანიდის საქმეში, ძალიან ბევრი პრობლემა, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს, ამის მეორე პლანზე გადაწევა მოხდეს. სახალხო დამცველი იყო ერთადერთი, რომელსაც შეეძლო დაკვირვება განეხორციელებინა “ციანიდის საქმეზე” და ამ პირობებში არამარტო უფლებამოსილი იყო, ასევე ვალდებული იყო, თუკი ხედავდა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას, ამაზე საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

სასამართლო მიუთითებს, რომ “არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე”. ის, რომ ომბუდსმენი აფასებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეიძლება იყოს აღქმული ისე, რომ ომბუდსმენი მიუთითებს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს?

არა, რა თქმა უნდა. მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა ნიშნავს, იმას, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მას შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას, არცერთი საერთაშორისო აქტი, არც კონსტიტუცია, არ იცავს მოსამართლეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკისგან.

ეს ტენდენცია დიდი ხანია ჩანს, რომ სასამართლო ცდილობს ეს აზრი შექმნას და დაამკვიდროს, რომ რახან მოსამართლე ხელშეუხებელია, არც გამოხატვის თავისუფლებას არ ჰქონია მაშინ მნიშვნელობა და არც კონსტიტუციური ორგანოების მუშაობას ქვეყანაში, თუკი ყველაფრის საპასუხოდ სასამართლომ უნდა იძახოს, რომ რაც არ უნდა დავწერო გადაწყვეტილებაში, ხმა არ უნდა ამოიღოს არავინ. ეს აბსურდს ემსგავსება და ასეთი გარანტია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არცერთ აქტში, საერთოდ ნორმალური ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს.

სასამართლო განცხადებაში საუბრობს იმაზე, რომ სახალხო დამცველი “არ არის უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას” – რას ნიშნავს ეს განცხადება, თქვენი შეფასებით?

მანდ ერთი საინტერესო ტერმინია, თუ დააკვირდებით “მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის…” არ ვიცი, მოსამართლე, რატომაა უფლებამოსილი, რომ ვინმეს თავს მოახვიოს საკუთარი აზრი. რასაც სახალხო დამცველი აკეთებს ამ შემთხვევაში, ეს არის მისი კონსტიტუციური მანდატი. როცა შენ ხარ ერთადერთი , ვინც ესწრება პროცესს და საქმის მასალებზე გაქვს წვდომა და ხედავ ბევრ დარღვევას, მათ შორის კონსტიტუციური უფლებების შესაძლო დარღვევას, ამაზე უნდა ილაპარაკო ხმამაღლა. ეს იყო მისი ვალდებულება და მე ვფიქრობ, ჯეროვნად გააკეთა ეს. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ დასკვნა, რომელიც დაწერა სახალხო დამცველმა, არის სამართლებრივად დასაბუთებული, გამართული და არცერთ ნაწილში არ ჩანს სხვა ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობა.

სასამართლოს შეფასებით, ომბუდსმენი ვერ იმსჯელებს ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა…

როდესაც წარმომადგენელი მისი სახელით სხვადასხვა უფლებამოსილებას ახორციელებს, ის წარმოადგენს ინსტიტუტს, სახალხო დამცველს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ესწრებოდა სხდომას, იმისთვის, რომ დასკვნა იყოს ვალიდური, ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com