სტრუქტურული ცვლილებების პაკეტი მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების პაკეტი განიხილება და დამტკიცდება. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში.

“მინდა,  კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ. დეტალებზე აღარ შევჩერდები  – ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან  თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც, ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ”, – განაცხადა სხდომის დასაწყისში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან მიულოცა მთავრობის ახალ წევრებს პოსტებზე დანიშვნა- საუაბარია განათლების და ფინანსთა ახალ მინისტრებზე, მიხეილ ჩხენკელსა და მამუკა ბახტაძეზე:

“მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე. მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილსა და სანდრო ჯეჯელავას და მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს. იმედი მაქვს, დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცვლილებების პაკეტით სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება, თანამდებობები დატოვეს შს და განათლების მინისტრებმა, ხოლო რამდენიმე მინისტრმა როტაციული პრინციპით შეცვალა ერთმანეთი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი