კობახიძე: სავარაუდოდ, ახალი მთავრობისთვის საჭირო გახდება ნდობის გამოცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს. მისი თქმით, დეტალებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოება ხვალ, პრემიერ-მინისტრისგან შეიტყობს.

“კონსულტაციები გვქონდა, შევიძლია, დავადასტუროთ. შეგვიძლია დავადასტუროთ ისიც, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ასევე დაანონსდა, რომ ხვალ ექნება პრემიერ-მინისტრს ბრიფინგი. პრემიერის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის წარდგენა საზოგადოებისთვის. დეტალებს მოისმენთ ხვალ, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან”, – თქვა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, გახდება თუ არა საჭირო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, კობახიძემ თქვა, რომ “ეს სავარაუდოდ, საჭირო გახდება”.

“ეს დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე. მოგეხსენებათ, თუ იცვლება მთავრობის შემადგენლობის მესამედი, ამ შემთხვევაში საჭიროა ნდობის ხელახლა გამოცხადება. თუ ამ მასშტაბის ქიენბა ცვლილებები, ამ შემთხვევაში, ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას.
მე შემიძლია, გითხრათ, რომ სავარაუდოდ, ნდობის საჭიროება საჭირო გახდება, თუმცა ეს დაზუსტდება საღამოს, კონსულტაციების საფუძველზე”.


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს ახალ შემადგენლობას, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება. თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ახალი მთავრობის ფორმირება და წარდგენა. საკანონმდებლო ორგანოსგან კიდევ ერთი უარის შემთხვევაში კი, პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება, დაითხოვოს ის.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოგიერთი მედიასაშაულება იუწყება მოსალოდნელი სამთავრობო  ცვლილებების შესახებ. თავდაპირველად, 11 ნოემბერს გაზეთმა “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით მომავალ კვირას პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. გუშინვე On.ge-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უქმდება 4 სამინისტრო, კერძოდ:

  1. გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  2. გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  3. გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  4. სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.

დღეს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, ასევე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას ხვალ, 13 ნოემბერს გააკეთებს. მათივე ცნობით, 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება, ანუ პირველი არხის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი 4 სამინისტროს გარდა უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრების თანამდებობები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან