არქივი: მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად კიევში. ფოტო: EPA/SERGEY DOLZHENKO

სააკაშვილის ორგანიზებით კიევში “აღშფოთებულთა მარში” გაიმართა

კიევში მიხეილ სააკაშვილისა და “ახალ ძალთა მოძრაობის” ორგანიზებით “აღშფოთებულთა მარში” გაიმართა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსგან ითხოვენ, მხარი დაუჭიროს კანონს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას გაუხსნის გზას; მათი კიდევ ერთი მოთხოვნა ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნაა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ადამიანი მიხაილოვსკის მოედანზე შეიკრიბა, რის შემდეგაც გაიარეს მიხაილოვსკისა და ინსტიტუტის ქუჩები, ასევე, ევრომაიდანი და საბოლოოდ, კონსტიტუციის მოედანზე, უმაღლეს რადასთან ახლოს შეჩერდნენ, სადაც უკვე ერთი თვეა, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სწორედ აქ აპირებენ მსვლელობის მონაწილეები ღამის გათენებას.

“ჩვენ ნამდვილად მოვახდენთ გადატრიალებას. თუმცა გადატრიალება იქნება არა ქვეყანაში, არამედ უკრაინელთა გონებაში”, – ციტირებს გამოცემა “Censor.net” მიხეილ სააკაშვილს.

სააკაშვილის “ახალ ძალთა მოძღაობისა” და სხვა რამდენიმე ოპოზიციური ძალის მხარდამჭერებმა რამდენიმე დღის წინ უმაღლესი რადას გადაწყვეტილება იზეიმეს, რომლის ძალითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა. თუმცა აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნებად ამ დრომდე რჩება პოროშენკოს იმპიჩმენტი, მთავრობის გადადგომა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან