ახალი ამბები

ლექვინაძის თქმით, სითი პარკის უაპელაციოდ გაშვება 25 მლნ ლარი დაჯდებოდა

10 ნოემბერი, 2017 • 2387
ლექვინაძის თქმით, სითი პარკის უაპელაციოდ გაშვება 25 მლნ ლარი დაჯდებოდა

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, კომპანია სითი პარკის უაპელაციოდ გაშვება თბილისის მერიას დაახლოებით 25 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. მისი თქმით, ამის შესახებ აუდიტორული კომპანიის დასკვნაში იყო აღნიშნული, რომელმაც კომპანია სითი პარკი მერიის ინიციატივით შეამოწმა.

“აუდიტორულმა კომპანიამ იმ პერიოდში შეისწავლა ის პრობლემატიკა, რომელიც უკავშირდებოდა “სითი პარკის” გაშვებას. დასკვნაში აღნიშნულია, რა რისკები იქნებოდა მის უაპელაციო გაშვებასთან დაკავშირებით. ეს რისკები იყო თანხის მოცულობა, რომელიც შეიძლება დამდგარიყო, თუ “სითი პარკი” უაპელაცოდ იქნებოდა გაშვებული. ამ თანხის დაახლოებითი მოცულობა იმ პერიოდში 25 მლნ ლარი იყო. “სითი პარკთან” იყო ძალიან მკაცრი მოლაპარაკებები, მკაცრი პოზიციები და იყო რიგი საკითხები, რომელიც მუდმივად იყო დისკუსიის საგანი,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გუშინ თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ თბილისის მერია სასამართლოს მიმართავს სითი პარკის წინააღმდეგ. კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ამ საკითხის სასამართლოს გზით მოგვარება?- დღეს ირაკლი ლექვინაძემ, მოქმედმა ვიცემერმა ჟურნალისტებს უპასუხა: “მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია”.

თუმცა ფაქტია, რომ მისმა ხელისუფლემაც, ნარმანიას ხელმძღვანელობით, ეს არ გააკეთა.

სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ დღეს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“არჩეულმა მერმა ისაუბრა 99%-ზე გასაჩივრებული ჯარიმების. ეს სტატისტიკა არ არის რეალური და ვფიქრობთ, რომ მას არ მიაწოდეს რეალური სტატისტიკა, რადგანაც რეალურად გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადავო და აქედანაც დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს იგებს კომპანია CT-PARK. შეკითხვები ჰქონდა დავით ნარმანიასაც. აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის ყოფილმა მერმა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიას შეუკვეთა კვლევა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც დასკვნის მიხედვით წერია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას პირნათლად და კანონის დაცვით“.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები აჩენს კითხვას, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა “სითი პარკი”.

“ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი, რომ ვნახოთ სტატისტიკა, სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმები, რომლებიც ამ კომპანიის მიერ არის დაწერილი და რომლებიც გასაჩივრდა, 99% არის გაუმართლებელი განაჩენი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ეს კომპანია მოქმედებს არასამართლებრივად? შესაბამისად, მივმართავთ სამართლებრივ გზას,”- განმარტა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი