ახალი ამბები

“სითი პარკმა” 4.3 მილიონის სანაცვლოდ არბიტრაჟში დავაზე უარი თქვა – მერია

14 თებერვალი, 2020 • 1535
“სითი პარკმა” 4.3 მილიონის სანაცვლოდ არბიტრაჟში დავაზე უარი თქვა – მერია

კომპანია “სითი პარკმა” დავა შეწყვიტა – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მერიასა და “სითი პარკს” შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია “სითი პარკმა” გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და საარბიტრაჟო დავაზე უარი განაცხადა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების სისტემის მართვიდან მიღბული შემოსავლიდან კომპანია “სითი პარკს” 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც კომპანიამ “სითი პარკის” კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო.

2007 წელს თბილისის მერიამ კომპანია “სითი პარკს” ექსკლუზიური ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში კი მერიას “სითი პარკისთვის” 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდა.

მერიის ახალმა მენეჯმენტმა კი 2018 წლის 10 აპრილს კომპანია სითი პარკს” ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც, მერიის განცხადებით, კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა. ამის შემდეგაც “სითი პარკმა” სამართლებრივი დავა წამოიწყო.

“კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი