ახალი ამბები

“სითი პარკის” ნაცვლად, დღეიდან პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია გააკონტროლებს

10 აპრილი, 2018 • 1941
“სითი პარკის” ნაცვლად, დღეიდან პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია გააკონტროლებს

დღეს, 10 აპრილს, თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. დღეიდან  დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კახა კალაძემ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს. მისი თქმით, უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები პარკირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

„შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, ასევე, ცაბაძის ქუჩაზე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკის მეშვეობით. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველანაირი ტექნიკით, რაც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პარკირებისა და მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება.

„ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისა და არსებული რეალობის შეცვლისკენ. მე მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, პარკირების სისტემის გამართვა, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

“სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი.

  • თბილისის მერმა “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კომპანიის იურისტის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეუსრულებელი ვალდებულება, რასაც მერია მათ ედავება, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 2 085 მისამართიდან, რომელიც 32 157 პარკირებას გულისხმობდა, 751 ადგილზე დაფიქსირებული ხარვეზებია.
  • მერის თქმით, “სითი პარკის” 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება.
  • დღეიდან დედაქალაქში პარკირების კონტროლს ავტობუსების კონტროლიორებიც დააკვირდებიან.

სითი პარკის გამაფრთხილებელ ნიშნებს სავარაუდოდ მალე შეცვლიან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი