საია ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ სასამართლოში ასაჩივრებს ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მოხსნას.

ირაკლი ხოფერია აცხადებს, რომ  2017 წლის 16 თებერვალს იგი პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მოითხივდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს.

ხოფერიას ინტერესებს საია იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. თავდაპირველად მას პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა და ამ სტატუსის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. საიას ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას ხოფერიამ მოძალადე პოლიცილები ამოიცნო, თუმცა გამოძიება ისე შეწყდა, რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ირაკლი ხოფერიამ ფიზიკური დაზიანებები, პასუხგაუცემელი დარჩა.

გამოძიების შეწყვეტის შესახებ ვრცელი განცხადება პროკურატურამ 11 ოქტობერს გამოაქვეყნა.

“საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი.ხ-ს მიმართ პოლიციელთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო,”- აცხადებს პროკურატურა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი