სტუდენტი აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით პოლიციელებმა სცემეს

20 წლის სტუდენტი პოლიციელებს სასტიკად ცემაში ადანაშაულებს. მისი ოჯახის განცხადებით, 16 თებერვალს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ახალგაზრდა მობილური ტელეფონის წართმევის აღიარების მოთხოვნით განყოფილებაში ოთხმა პოლიციელმა სცემა.

ოჯახის განცხადებით, უკვე მიმართეს პროკურატურას, გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს. ოჯახს ასევე ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ახალგაზრდა ნაცემია და დაზიანებები აღენიშნება.

received_10212457672900439

“პოლიციელებმა გააჩერეს, ვითომ რაღაცის გარკვევის მიზნით წაიყვანეს განყოფილებაში და ტელევიზიის გვერდზე პოლიციის განყოფილებაში. მისალმებაც არ მქონდა დამთავრებული, ისე მცემესო. სამჯერ გონება დავკარგეო. ფეხებით და გაშლილი ხელებით სცემდნენ. აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული, რომელთანაც საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქოდა… მერე ჩაიყვანეს სარდაფში, ემუქრებოდნენ, რომ 3-დან 6-წლამდე მოგცემთო, თუ ამას არ აღიარებო. ამ წამების შემდეგ დათანხმდა, რომ დაწერეთ რაც გინდათო და ხელს მოვაწერო. უკვე პირელ სართულზე როდესაც ამოვიდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა, ვისაც ჰქონდა დაზარალებულის ჩვენება და პოტენციური დამნაშავის აღწერილობა, პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ მგონი გეშლებათო, ჩვენებაში წერია, რომ ვიღაც არის 160 სანტიმეტრი სიმაღლის და ეს არის 2 მეტრამდე ბიჭიო. გადაამოწმეთ კარგადო. ვითომ მოწმეც იქ ჰყავდათ, ესე ტყუილი იყო, ვითომ მოწმემ თქვა, რომ ეს არ არის… მერე ცივები მისცეს, რომ სახეზე დაედო, რომ არ დამჩნეოდა ეს დაზიანებები და გამოუშვეს,”- ამბობს სტუდენტის მამა ზაზა ხოფერია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე თქმით, შვილი სახლში პოლიციის განყოფილებიდან სახლში ღამის 10 საათზე, ნაცემი მივიდა. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო და მათ მოჰყვა პოლიციის თანამშრომელიც, რომელმაც გენერალურ ინსპექციაში გაგზავნა შეტყობინება.

მისივე თქმით, როდესაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მომხდარიდან მეორე დღეს მივიდნენ, იქ ყველაფერი უარყვეს: “რას ამბობთ, არაფერი მომხდარა, დავკითხეთო”.

ზაზა ხოფერიამ ასევე გვითხრა, რომ მისმა შვილმა არ იცის იმ პოლიციელების სახელები და გვარები, რომლებმაც სცემეს, თუმცა, ამოცნობა შეუძლია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების დოკუმენტში, რომელიც ზაზა ხოფერიამ მოგვაწოდა, საუბარია, რომ პაციენტს აღენიშნება ზედაპირული ტრავმები და “უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ტკივილს სახის, ზურგის და წელის არეში”.

მეორე დღეს ოჯახმა დამოუკიდბელი სასამართლო ექსპერტიზის ბიურო “ვექტორს” მიმართა. დასკვნაში, რომელიც მათ მოგვაწოდეს, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდას აღენიშნებოდა თავის ტრავმა, რომელიც არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას და ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.

“დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე,”- ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

????????????????????????????????????

 

ოჯახმა მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. საიას იურისტის დახმარებით, მათ პროკურატურაში განცხადება 1 კვირის წინ შეიტანეს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვინაიდან საქმე პროკურატურას გადაეცა, მას გენერალური ინსპექცია აღარ გამოიძიებს.

ნეტგაზეთმა პროკურატურასაც მიმართა. პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვერ გაგვცემენ პასუხს, არის თუ არა ამ საქმეზე გამოძიება დაწყებული. პრესსამსახურის ცნობით, ისინი შეეცდებიან ამ საკითხზე შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას, რომელსაც მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც ამ ინფორმაციას ჩვენ მოგვაწვდიან. როგორც საიას იურისტმა რევაზ აჭარაძემ გვაცნობა, გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურას მათთვისაც არ უცნობებია.

17193706_10212457672180421_1021139478_o

ომბუდსმენის აპარატში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ განცხადება მათთან მართლაც შევიდა, თუმცა, დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და განაცხადეს, რომ შესწავლა მიმდინარეობს.

ზაზა ხოფერია გვეუბნება, რომ აპირებს, მისი შვილის საქმე ბოლომდე მიიყვანოს:

“ბოლომდე მინდა მივყვე იმიტომ, რომ შემდეგ სხვები არ გალახონ,”- ამბობს ის ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი