ადვოკატი – მიტროპოლიტი დიმიტრი დეკანოზ მამალაძეს ხვალ მოინახულებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი 25 ოქტომბერს პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებს. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გვაცნობა.

ადვოკატის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ დიმიტრის დეკანოზის მონახულება სურდა, თუმცა რაზე შეიძლება ისაუბრონ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, თუ რა საკითხებზე ესაუბრება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

“მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა მეუფე დიმიტრიმ მამა გიორგის მონახულება. ზოგადად ვიცოდი, რომ აპირებდა მის ნახვას, თუმცა, ზუსტად როდის – ეს არ ვიცოდი. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მეუფე დიმიტრი ხვალ აპირებს მამა გიორგისთან შეხვედრას,” – განგვიცხადა ადვოკატმა.

ნეტგაზეთი თავად დიმიტრი შიოლაშვილთან დაკავშირებას უშედეგოდ შეეცადა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. დეკანოზი თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით).

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. პროკურატურის შუამდგომლობით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.