ახალი ამბებიხელოვნება

ოპერის თეატრში ბიორკის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

22 ოქტომბერი, 2017 • 4063
ოპერის თეატრში ბიორკის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის   დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონცერტის ორგანიზატორი მუსიკალური პლატფორმა SOU ავრცელებს.

ორგანიზატორების განცხადებით, 3 ნოემბერს დაგეგმილ კონცერტს დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრება.

ამ დროისთვის ისევ გაყიდვაშია 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბილეთების შეძენა ფილარმონიის სალაროებშიც არის შესაძლებელი, ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება.

მუსიკალური პლატფორმა SOU-ს ინფორმაციით, ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად თბილისს მსმენელი სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევა. საქართველოში დაგეგმილ კონცერტზე მსმენელები მადაგასკარიდან და მავრიტანიიდანაც ჩამოვლენ.

ბიორკის ორივე კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით ჩატარდება. ისლანდიელი მუსიკოსი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს,  შესრულდება ახალი სიმღერებიც. 

ბიორკი საქართველოში ორი კონცერტის გამართვის შემდეგ ქვეყნის 4 რეგიონში- სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში- მოგზაურობას და ქართული მუსიკის გაცნობას გეგმავს.  ისლანდიელი მუსიკოსი  პირველ კონცერტს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავს – მეორე სოლო-კონცერტი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 3 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე ბილეთების შეძენა TKT.ge-ზეა შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი