ბიორკი მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში იმოგზაურებს

ბიორკი საქართველოში ორი კონცერტის გამართვის შემდეგ ქვეყნის 4 რეგიონში- სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში- მოგზაურობას და ქართული მუსიკის გაცნობას გეგმავს. ამის შესახებ SOU-ს ფესტივალის დამფუძნებელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სანდრო ლომინაშვილი ამბობს, ფესტივალის მიზანი უცხოელი შემსრულებლების ქართული კულტურით დაინტერესება და მისი პოპულარიცაზიაა, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი ინიციატივა თავად ისლანდიელმა შემსრულებელმა გამოიჩინა.

“ჩვენ შევთავაზეთ ბიორკს, ხომ არ დააინტერესებდა ქართული მუსიკის გაცნობა. აღმოჩნდა, რომ თურმე მას თავადაც  ჰქონდა ასეთი თხოვნა ჩვენთან. ექსპედიციის ფარგლებში  ბიორკი მოისმენს და, შესაბამისად, იმოგზაურებს სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში. ჩვენ შევთავაზეთ ეს სქემა, რათა გავაცნოთ ქართული მუსიკის მრავალფეროვნება.  თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს კი თბილისში ცხოვრების დროს შეხვდება” – ამბობს SOU-ს ფესტივალის ორგანიზატორი სანდრო ლომინაშვილი.

ორი კონცერტის პროგრამა, რომელსაც ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში გამართავს, იდენტურია. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ბიორკი ნაწარმოებებს საკუთარი სტუდიური ალბომიდან Vulnicura საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის აკომპანირებით შეასრულებს.

პროგრამით გათვალისწინებულია ძველი სიმღერებიც, თუმცა ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბიორკი ქართველი მსმენელის წინაშე კომპოზიციებს ახალი ალბომიდანაც შეასრულებს, რომელიც ჯერ არ გამოსულა.

როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად თბილისს მსმენელი სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევა. მათ შორის ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია.

“თბილისში 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს გვაქვს  დიდი თავყრილობა მთელი მსოფლიოდან ბიორკის თაყვანისმცემლებისა. აღარ ჩამოვთვლი ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი,  გერმანია, ბელგია, საფრანგეთი ჩინეთი, იაპონია. ბილეთები ნაყიდია ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორებიცაა მადაგასკარი, მავრიტანია. აზერბაიჯანზე, რუსეთსა და სომხეთზე აღარაფერს ვამბობ” – ამბობს სანდრო ლომინაშვილი.

თბილისში SOU ფესტივალის ფარგლებში ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის ორი კონცერტის გამართვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის Facebook გვერდზე გავრცელდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მუსიკოსი პირველ კონცერტს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავს – მეორე სოლო-კონცერტი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 3 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე ბილეთების შეძენა TKT.ge-ზეა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი