ელისაშვილი: ოცნების კოორდინატორები ამომრჩევლებს აიძულებენ არჩევნებში მონაწილეობას

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსაზიდად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება მან საკუთარ შტაბში გააკეთა.

ელისაშვილის მტკიცებით, “ქართული ოცნების” კოორდინატორები ამომრჩევლებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ არჩევნებში მონაწილეობას. ასევე, იყო ე.წ. კარუსელისა და უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შესვლის შემთხვევები.

“უბნებთან დგანან შავებში ჩაცმული ადამიანები, საწერი კალმებით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს. ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები; უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლები ძალით მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე.

რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება და “ქართული ოცნება”. სწორედ ეს არ მოგვწონდა წინა ხელისუფლების დროს. ასე არჩევანის უფლებას აკარგვინებენ მოქალაქეებს”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კანდიდატის თქმით, მისი წარმომადგენელი ცესკოში, ივანე ნორაკიძე, საარჩევნო კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციას მოკლე ხანში მიაწვდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან