ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან. ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების წესები ციტრუსოვან კულტურებში

სურსათის ეროვნული სააგენტო, ციტრუსოვანი კულტურების დაცვის მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს დარიგებული პრეპრატებით დროულად განახორციელონ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა. სააგენტოს ცნობით, ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების და ვადების დაცვა.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტების განმარტებით, ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი (ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ) მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ხეხილში, ბოსტნეულში, ვაზში, მარცვლეულსა და პარკოსნებში.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით. მათი ინფორმაციით, პრეპარატის კონცეტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ, ხოლო პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტია 10-14 დღე.

“მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 დღე- სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე- მარცვლეულზე, 15 დღე -ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა,” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პესტიციდების გამოყენებისას, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა. პრეპრატების გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 230 ათას ოჯახს პრეპარატები უნდა გადაეცეს. სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ყველაზე მეტად არის გავრცელებული:

“ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონი -116 000; გურია – 50 670; იმერეთი – 38 838; აჭარა – 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.”

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან. ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან. ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო


მოკლედ: 

  • საქართველოში აზიური ფაროსანა ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში.
  • აზიური ფაროსანა 9 ოქტომბერს დაფიქსირდა თბილისშიც.
  • აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება მცენარეებით.
  • მავნებელი, რომლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საქართველოში პირველად  2015 წელს გამოჩნდა და საქართველოს მილიონობით ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.