ახალი ამბებისაზოგადოება

მოსახლეობა აზიური ფაროსნის პირისპირ

10 ოქტომბერი, 2017 • 4331
მოსახლეობა აზიური ფაროსნის პირისპირ

დასავლეთ საქართველოში მინიმუმ 230 ათასი ოჯახი ებრძვის აზიურ ფაროსანას, მწერს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ფერმერები, რადგან გაანადგურა თხილის, სიმინდის, ბოსტნეულის მოსავალი. ამას გარდა, ფაროსანა სახლებსაც შეესია და ადამიანებს მექანიკური საშუალებებით უწევთ მათთან ბრძოლა, რადგან შხამ-ქიმიკატებს სახლში ვერ იყენებენ.

ფაროსნის მსგავსი მწერები შენიშნეს თბილისშიც, სურსათის უვნებლობის სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდება, რათა დაადგინონ, აზიური ფაროსანაა თუ არა მწერის ის სახეობა, რაც თბილისში, ვაკის პარკში აღმოაჩინეს.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო)  მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად  2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.  

მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას  ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან  (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ  გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად – იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს სურათით – ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

მარი კოდუა შპს “ქესკიას” წარმოადგენს, სოფელ დარჩელში კომპანიას თხილის პლანტაცია და სიმინდის ნაკვეთები აქვს. სოფელი დარჩელი ანაკლიასთან და განმუხურთან ერთად აზიური ფაროსნის კონცენტრაციის მხრივ მოწინავე ადგილზეა, რადგან ზღვის ზოლთან ახლოს იმყოფებიან. მარი კოდუა გვიყვება, რომ ფაროსანამ სოფელში თხილის მოსავლის 50-60% მთლიანად გაანადგურა, თუმცა გადარჩენილი 40%-იც არ იყო სრულად საღი. რაც შეეხება სიმინდს, თხილის გამოცდილების შემდეგ უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები გატარდა სიმინდთან დაკავშირებით და მოსავალი ნაკლებად დაზარალდა.

როგორც მარი გვიყვება, ფაროსანა პირველად სამეგრელოში 3 წლის წინ შენიშნეს, მაშინ ადამიანები ვერც მიხვდნენ, რომ ეს მწერი აზიური ფაროსანა იყო, თან მათი რაოდენობა ძალიან მცირე იყო. შარშან უკვე მწერის მატება შეინიშნებოდა, მაგრამ მოსახლეობას მაინც არ ჰქონდა განცდა, რომ მწერის რაოდენობა ამხელა მასშტაბს მიაღწევდა:

“შარშან სახელმწიფო დონეზე დაიწყეს მავნებლის შესწავლა, პრევენციული ზომების დაგეგმვა დაიწყო, სუფთა თეორიულ დონეზე ხდებოდა ეს, პრაქტიკული განხორციელება არ ჰქონია, მოემზადნენ წლევანდელი სეზონისთვის, წელს უკვე ისეთი სიტუაცია დახვდათ, რომ 6-7-ჯერ გაიზარდა რაოდენობა. არც იცოდნენ, რა იყო ეს მწერი და როგორ უნდა მოეხდინათ ინტერვენცია”,- ამბობს მარი კოდუა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფო დონეზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს ადმინისტრირებით ხორციელდება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში, იმ ადგილებში, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება. რიგდება პრეპარატებიც და საინფორმაციო ბუკლეტებიც, თუ როგორ უნდა შეიწამლოს ტერიტორია, რომ ფაროსანა განადგურდეს. ინსტრუქციების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ ამ ბმულზე: 

სააგენტოს ცნობით, პრეპარატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონს – 95 911 ; გურიას – 50 670; იმერეთს-38 838; აჭარას – 13 000.

მარი კოდუას პრეპარატი არ მიუღია, თუმცა იცის შემთხვევები, როდესაც სხვა ოჯახებმა მიიღეს აღნიშნული წამალი. როგორც მარი განმარტავს, სამი სახის პრეპარატი რიგდება, რომელსაც მწერის განადგურება შეუძლია, თუმცა სანამ უშუალოდ პრეპარატს გამოიყენებენ, მანამდე ფაროსნის მოსაზიდად იყენებენ ფერომონს, რადგან ფაროსანას მისი სუნი მოსწონს, ერთ ადგილზე კონცენტრირებულ ფაროსანას კი უკვე პრეპარატით წამლავენ და ანადგურებენ:

“ეს არის წამალი, რომელიც უნდა გაიხსნას სამუშაო ხსნარში, ანუ წყალში. გრამნახევარი ერთ ლიტრზე ან გრამი ერთ ლიტრზე. შემდეგ უკვე ჩვეულებრივი ვენახის შესაწამლი აპარატით უნდა დამუშავდეს ის ადგილები, სადაც ფაროსანაა, მავნებელს გააჩნია შეგუების უნარი წამალთან, ერთხელ რომ გამოვიყენებთ, შემდეგ სხვა პრეპარატი უნდა ვცადოთ. ჯერჯერობით ეს პრეპარატები არის ყველაზე მისაღები. მასიური შეწამვლები იმიტომაა საჭირო, რომ ფაროსანას შეუძლია ძალიან დიდ მანძილზე გადაადგილება, რომ თავი აარიდოს შხამს. თუ, მაგალითად, ჩემი ნაკვეთი შეიწამლა და 6 კილომეტრის შემდეგ არ დახვდა შეწამლული, მას შუძლია თავი გადაირჩინოს, ამიტომაცაა, რომ წამალს როდესაც აქვს ვადა, 20-25 დღე, ამ 20-25 დღეში მასიურად უნდა შეიწამლოს მთელი ტერიტორია, რომ ამ პერიოდში ფაროსანა ვერ გადარჩეს, ან თუ გადარჩება, ძალიან მცირე რაოდენობით”,- ამბობს მარი კოდუა.

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ საშუალებას სახლში მოსახლეობა ვერ იყენებს, არადა, მწერმა აცივებასთან ერთად სახლებისკენ და შენობებისკენ გადაინაცვლა. მარი კოდუა გვიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელსაც ფაროსნის წინააღმდე თავად იყენებს. მარი სახლში ფაროსანას მტვერსასრუტით აგროვებს, შემდეგ კი ქაფიან წყალში ყრის. როგორც თავად გვეუბნება, ქაფი ძალიან ეფექტურად ანადგურებს:

“მტვეერსასრუტით შეგროვების შემდეგ ქაფიან წყალში ჩავყრი და კვდება ამ წყალში, ქაფი ძალიან ეფექტურად მოქმედებს, წამალზე უფრო მეტად, ფეირი, რომ ავიღოთ ან ნებისმიერი ქაფიანი წყალი, საპნიანი. ძალიან ადვილად კვდება.  იმდენად დიდი რაოდენობითა უკვე, რომ რასაც ვაგროვებთ, ეს არის ალბათ საერთო რაოდენობის 10%, ყოველდღიურად რომ აგროვო. იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მრავლდება, 200-ზე მეტ კვერცხს დებს ერთი ფაროსანა. ძალიან დიდი რაოდენობითაა უკვე გავრცელებული და მაგიტომაცაა, რომ ვერც ავუდივართ”,- ამბობს მარი კოდუა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მარი კოდუა გამოყოფს რამდენიმე გამოწვევას, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. პირველ რიგში ეს არის მიტოვებული შენობა-ნაგებობები, რომლის შეწამვლაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და მოსახლეობა ამას ვერ გააკეთებს. მეორეც, ეს არის იმის ადმინისტრირება და კონტროლი, თუ როგორ ხორციელდება წამლის დარიგება და შეწამვლა:

“ეს მუნიციპალიტეტებს დაევალა და რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ, მაგის შემოწმებაც არის საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფულ შედეგამდე მივალთ. მანდარინს ჭამს ახლა, შევნიშნეთ ფეიხოას ნაყოფებზეც, შეინიშნება კივის ნაყოფზე. ფაქტიურად, რამე თუა, ყველაფერზე შემჯდარია, ეს თუ აღმოსავლეთში გადმოინაცვლებს, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება მასთან ბრძოლა. 

პირველ რიგში, საჭიროა ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანამდე. მეორე რიგში, ის ადამიანები, ვინც ჩართული არიან პროცესში, უშუალოდ უნდა დავატრენინგოთ, რომ კეთილსინდისიერად შეასრულონ სამუშაოები, იმავე წამლის დარიგება. ეს პროცესი თუ არ შესრულდა მთელი წესების დაცვით, მაგ შემთხვევაში ეფექტი იქნება დაბალი, ამიტომაც კონტროლი უნდა მოხდეს სამუშაოების, რაც სრულდება. მესამე, რაცაა ტექნიკის ნაკლებობა. ვგულისხმობ, რაც რესურსი აქვს სურსათის უვნებლობის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მობილიზუბული, მე მგონი, იქნება 30 ერთეული მანქანა, რითაც შეწამვლა ხდებოდა, ეგ ნამდვილად არ ეყოფა იმას, რა პრობლემის წინაშეც ჩვენ ვართ. თუ აღმოსავლეთიც დაგვემატა, მით უმეტეს, ძალიან ცუდად გვექნება საქმე იმიტომ, რომ ყურძენი არის გაცილებით იოლად გაფუჭებადი, ვიდრე იყო თხილი და სიმინდი. თუ ყურძენსაც დაერია ფაროსანა, ჩათვალეთ, რომ მასშტაბური ეპიდემიის წინაშე ვიქნებით,”- ამბობს მარი კოდუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი