ესპანეთის პოლიციამ რეფერენდუმის აღსაკვეთად კატალონიის სამთავრობო დაწესებულებები დაიკავა

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღსაკვეთად კატალონიის რეგიონული მთავრობის კუთვნილი ცენტრალური დაწესებულებები დაიკავა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციაა შესული ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, სოციალური დაცვის, ტელეკომუნიკაციებისა და საგადასახადო დეპარტამენტებში.

დაპატიმრებულია 14 ადამიანი, მათ შორის კატალონიის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც რეგიონის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობასაც ასრულებს. მომხდარის გასაპროტესტებლად კატალონიის ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან ადამიანები შეიკრიბნენ.

მანამდე, BBC იუწყებოდა, რომ კატალონიის ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტმა პოლიციის ქმედებების ფონზე საზოგადოებას „მშვიდობიანი წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდა.

„დრო მოვიდა – შევეწინააღმდეგოთ მშვიდობიანად. გამოდით და დაიცავით ჩვენი ინსტიტუციები“, – დაწერა მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

სამართალდამცავები სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოქმედებენ, რომლის მიხედვითაც დაგეგმილი კენჭისყრა უკანონოა და ის უნდა აღიკვეთოს.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდია რეფერენდუმის წინა სამუშაოების შეჩერებას ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ცდილობს. რეიდები არაერთ სტამბაში, რედაქციასა და კერძო კომპანიაში ჩატარდა, სადაც პოლიცია რეფერენდუმთან დაკავშირებულ ბეჭდურ მასალას ეძებდა.

კატალონიის მთავრობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება 1 ოქტომბერს სურს. ინიციატივა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან