ელექტრომობილის დრო საქართველოში

ფოტოგრაფი ნიკოლოზ ურუშაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობს, უკვე რამდენიმე თვეა იაპონიიდან ჩამოყვანილ ელექტრომობილს, 2011 წელს გამოსულ Nissan Leaf-ს მართავს.

„ვზრუნავ მწვანე გარემოზე და ვზრუნავ ეკონომიაზეც. ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავის ავტომობილისგან არ განსხვავდება არაფრით, გარდა იმისა, რომ არის ელექტრო. პლუს ამას, არის ძალიან კომფორტული,“ – გვითხრა მან, როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტა ელექტრომობილის შეძენა.

ნიკოლოზ ურუშაძე თავის ელექტრომობილთან

ნიკოლოზ ურუშაძე თავის ელექტრომობილთან

ნიკოლოზი ამბობს, რომ მის ავტომობილს ბატარეები კარგ მდგომარეობაში აქვს და სრულად დამუხტვის შემთხვევაში 140 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც ქალაქში ყოველდღიურად გადასაადგილებლად მისთვის ძალიან კომფორტულია.

ელექტროინჟინერს და ელექტრონიკის სპეციალისტს, გიორგი ჯანჯალაშვილს, უფრო ახალი – 2015 წელს გამოსული Nissan Leaf აქვს, რომელიც, მისივე თქმით, სრულად დამუხტვის შემთხვევაში ქალაქში თავისუფლად ფარავს 170 კილომეტრს.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საათების განმავლობაში გადაადგილდები და გამონაბოლქვი არის ნულის ტოლი,“ – ამბობს გიორგი ჯანჯალაშვილი.

გიორგი ჯანჯალაშვილი ელექტრომობილში

გიორგი ჯანჯალაშვილი ელექტრომობილში

ელექტრომობილი VS ავტომობილი – რომელი უფრო ეკონომიურია?

ელექტრომობილების მძღოლები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, მანამდე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს მართავდნენ. ისინი ამბობენ, რომ ელექტრომობილის ექსპლოატაცია დაახლოებით 80%-ით ეკონომიურია.

ნიკოლოზ ურუშაძე ავტომობილს სახლში მუხტავს, სრულად დამუხტვა კი 3 ლარი და 50 თეთრი ჯდება.

„ჩემი წინა ავტომობილი იყო „სუბარუ“, რომელსაც სპორტული ძრავი ჰქონდა, 2.0. 100 კილომეტრზე საშუალოდ 15-16 ლიტრი ბენზინი სჭირდებოდა. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ გადაღებაზე მიწევს სიარული და წარმოიდგინეთ, დღეში 120 კილომეტრს რომ გაივლი და ფაქტობრივად არაფერი გეხარჯება. წინა მანქანაზე 30 ლარი მიჯდებოდა 100 კილომეტრის გავლა. ელექტრომობილს სახლში სრულად დასამუხტად 3 ლარი და 50 თეთრის ელექტროენერგია სჭირდება,“ – ამბობს ის.

საკუთარ ავტოფარეხში მოწყობილ დასამუხტზე მუხტავს ავტომობილს გიორგი ჯანჯალაშვილიც. იგი ამბობს, რომ თუკი ყოველდღე სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად 20 ლარის საწვავი სჭირდებოდა, ახლა ყოველდღიურად თანხას საერთოდ აღარ იხდის და თვის ბოლოს, ჯამურად, მისი გადასახდელი თანხა 80-100 ლარია.

გიორგი ჯანჯალაშვილი ბინის ეზოში ტენის ელექტრომობილს

გიორგი ჯანჯალაშვილი ბინის ეზოში ტენის ელექტრომობილს

გიორგი ჯანჯალაშვილი ელქტრომობილის ეკონომიურობის სხვა მხარეებზეც საუბრობს:

„დაახლოებით 80%-ით ეკონომიურია. არ გიწევს აალების სანთლის („სვეჩის“) და ძრავის ღვედის („რემენი“) შეცვლა და ყოველდღიურად საწვავის ჩასხმა. სამუხრუჭე ხუნდების შემთხვევაში მწარმოებელი გარანტიას გაძლევს 300 000 კილომეტრზე, ანუ 10-ჯერ უფრო გამძლე სამუხრუჭე ხუნდები აქვს.

„ასევე, ავტომობილს აქვს რეკუპერაციის რეჟიმი. როდესაც მუხრუჭს ვიყენებთ – იმუხტება და როდესაც დაღმართზე მივდივართ – ამ შემთხვევაშიც იმუხტება. ანუ არის ადგილები, საიდანაც შეიძლება წამოვიდეთ დაცლილი მანქანით და დასამუხტი საშუალების გარეშე მანქანა დაიმუხტოს. მაგალითად, ცხვარიჭამიის მხრიდან, მანგლისის მხრიდან, კოჯორი-კიკეთის მხრიდან. აქვს ეკორეჟიმი – დაახლოებით 30 კილომეტრით მეტს გადის, უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ხდება აქსელერაცია და არ წვავს ზედმეტ ენერგიას,“ – ამბობს გიორგი ჯანჯალაშვილი.

მისივე თქმით, მწარმოებლის გარანტია ამ ელექტრომობილის ბატარეისთვის 8 წელია, ან 160 000 კილომეტრის გავლა. გიორგი ამბობს, რომ ამ 8 წელიწადში ავტომობილი მფლობელს დიდ ეკონომიას უკეთებს. კითხვაზე, სავარაუდოდ რა ფასად გაიყიდება ავტომობილი 8 წლის შემდეგ, გიორგი ვარაუდობს, რომ ძალიან არ გაიაფდება:

„ფასი დარეგულირდება, ძალიან მაინც არ გაიაფდება. 8 წლის შემდეგ აკუმულატორს შეცვლი და სულ ახალი მანქანაა.“

გიორგი ჯანჯალაშვილის მიერ ავტოფარეხში მოწყობილი დამტენი

გიორგი ჯანჯალაშვილის მიერ ავტოფარეხში მოწყობილი დამტენი

რაც შეეხება ფასებს, ახალი Nissan Leaf-ი 32 500 დოლარი ღირს, თუმცა, როგორც მძღოლებმა აგვიხსნეს, 2011-2013 წლებში გამოსული, ნახმარი Nissan Leaf-ის შეძენა იაპონიის ან ამერიკის აუქციონებზე 4 000 – 6 000 დოლარად არის შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებით, საქართველოში 2017 წლის იანვარ-ივლისში, ჯამში, 280 ელექტრომობილი არის შემოტანილი, საიდანაც 251 ერთეული Nissan Leaf-ია. რაც შეეხება მანამდე იმპორტირებულ ელექტრომობილებს, უწყების ცნობით, 2017 წლის იანვრამდე ელექტრომობილებს კონკრეტული სასაქონლო კოდი არ ჰქონდათ და ისინი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან იყო გაერთიანებული. ქართველი მძღოლები Nissan Leaf-ზე მაღალ მოთხოვნას მისი ფასისა და ხარისხის კომბინაციით ხსნიან.

Tesla, რომელიც ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული მასობრივად წარმოებული ელექტრომობილია, ამ შვიდ თვეში მხოლოდ ორი ერთეული არის შემოტანილი. ახალი Tesla Model X-ის ფასი 69 500 დოლარიდან იწყება და 149 700 დოლარს აღწევს. Tesla Model X-ის ფასი კი 79 500 დოლარიდან იწყება და 151 600 დოლარს აღწევს. Tesla-ს ბატერეების მოცულობა, ფასების მიხედვით, 75-100 კილოვატის ფარგლებშია, რაც ელექტრომობილს საშუალებას აძლევს, სრული დამუხტვის შემთხვევაში, საშუალოდ 426-564 კილომეტრი გაიაროს.

სახლის გარდა კიდევ სად შეიძლება ავტომობილის დამუხტვა?

მძღოლები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, ელექტრომობილებს სახლში მუხტავენ, თუმცა თბილისის ქუჩებში უკვე უფასო დასამუხტი სადგურებიც არის.

საქართველოში დასამუხტ ქსელს ამ ეტაპზე ერთადერთი კომპანია – E Space 2016 წლის შემოდგომიდან ავითარებს. კომპანია ელექტრომობილებისა და ელექტროსკუტერების იმპორტითაც არის დაკავებული. მათივე განცხადებით, შემოდგომაზე გახსნიან პირველ შოურუმს, სადაც სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილი და ელექტროსკუტერი იქნება წარმოდგენილი.

E Space-ს სხვადასხვა ადგილას 25 სტანდარტული დასამუხტი აქვს, აქედან უმეტესობა თბილისშია, თითო დასამუხტი კი – გორში, ყვარელში, თელავში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. E Space-ს განცხადებით, მალე მათი დასამუხტების რაოდენობა 100-ს მიაღწევს.

ქუჩაში დამონტაჟებული ელექტრომობილების დამტენი. თითოეულ ასეთ დამტენს ერთ ჯერზე ერთი ელექტრომობილის დამუხტვა შეუძლია.

ქუჩაში დამონტაჟებული ელექტრომობილების დამტენი. თითოეულ ასეთ დამტენს ერთ ჯერზე ერთი ელექტრომობილის დამუხტვა შეუძლია.

სმარტფონების მფლობელ მძღოლებს აპლიკაცია Plug Share, რომელიც Android-ისა და IOS-ის სისტემებზე მუშაობს, საშუალებას აძლევს რუკაზე ნახონ, თუ ზუსტად რა ადგილებში შეიძლება ავტომობილის დამუხტვა. ამ აპლიკაციით მწვანე ფერით ჩვეულებრივი დასამუხტებია ნაჩვენები, ხოლო ნარინჯისფრად – სწრაფი დასამუხტები.

იმისათვის, რომ მძღოლებმა ქალაქში არსებული უფასო დასამუხტებით ისარგებლონ, უნდა იყიდონ სპეციალური კაბელი, რომელიც E Space-ში 450 ლარი ღირს. მძღოლები გვეუბნებიან, რომ საზღვარგარეთიდან გამოწერის შემთხვევაშიც ეს კაბელი თითქმის იგივე თანხა ჯდება.

სწრაფი დასამუხტები შორ მანძილზე გადაადგილებისთვის

როგორც მძღოლებმა აგვიხსნეს, E Space-ს ქსელში დღეს არსებულ დასამუხტებზე 2011-2012 წლებში გამოსულ Nissan Leaf-ებს დასამუხტად 6 საათი მაინც სჭირდებათ, ხოლო 2013 წლის შემდეგ გამოსულს – დაახლოებით 3 საათი.

შესაბამისად, ნიკოლოზ ურუშაძე გვეუბნება, რომ სწრაფი დასამუხტის არარსებობის გამო შორ მანძილზე, როგორიცაა თბილისი – ბათუმი, ამ ელექტრომობილით ვერ წავა, რადგანაც დასამუხტად გზაში დიდი ხნით შეჩერება დასჭირდება.

გიორგი ჯანჯალაშვილი, რომელსაც შედარებით ახალი ავტომობილი აქვს, ამბობს, რომ მისთვისაც არაკომფორტული იქნება ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება, რადგანაც გზაში ერთ ჯერზე ბოლომდე დამუხტვას სამ საათს მაინც მოანდომებს.

ორივე მათგანი სწრაფი დასამუხტის საჭიროებაზე საუბრობს. სტანდარტულისგან განსხვავებით, ასეთი დასამუხტი ავტომობილს ნახევარ საათში დამუხტავს, თუმცა მისი ყოველდღიურად გამოყენება სასურველი არ არის, რადგან ავტომობილის ბატარეა გამოჰყავს მწყობრიდან.

რაც შეეხება იშვიათად, შორ მანძილზე გადაადგილებისას სწრაფი დასამუხტის გამოყენებას, მძღოლები გვეუბნებიან, რომ ეს ელექტრომობილს პრობლემას არ შეუქმნის.

„საჭიროა სწრაფი დამტენი. ქალაქშიც უნდა იყოს აუცილებლად, 2-3 ადგილზე მაინც, გზატკეცილზე კი ყოველ 50 კილომეტრში უნდა იყოს, ჩემი აზრით. როგორც ბათუმამდე, ასევე – კახეთისკენაც. წელიწადში 2-ჯერ, 4-ჯერაც რომ იყოს და წასვლა მოგვინდეს ბათუმისკენ, ან კახეთისკენ, მანქანას არანაირი პრობლემა არ შეექმნება,“ – ამბობს ელექტროინჟინერი გიორგი ჯანჯალაშვილი.

E Space-ში ამბობენ, რომ შემოდგომიდან საქართველოში სწრაფი დასამუხტებიც იქნება:

„ვგეგმავთ სწრაფი დამტენების დაყენებას ტრასებზე, თბილისი-ბათუმის დამაკავშირებლით დავიწყებთ და შემდეგ უკვე სხვა ძირითად გზატკეცილებზეც განვათავსებთ. ეს არის შემოდგომის გეგმა,“ – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ნატა კასრაძე.

ელექტრომობილის შეკეთება

„მთავარია, იყოს სერვისი, რომ მომხმარებელმა სწორად მიიღოს თავისი მანქანის დიაგნოსტიკა და შეკეთება. ამ მანქანების ერთადერთი პრობლემა ელემენტებია, რაც, ჯერ საქართველოში ახალი ხილია და შეცვლა ძვირი ჯდება, ბევრი ვერც ცვლის,“ – ამბობს ნიკოლოზ ურუშაძე.

გიორგი ჯანჯალაშვილი, რომელიც Nissan Leaf-ის გამოსვლამდე თავად ცდილობდა ელექტრომანქანის საკუთარი სახსრებით აწყობას, ბატარეების შეცვლის სირთულეებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ახალი ბატარეის შეძენა თითქმის ნახმარი ავტომობილის ფასი ჯდება, თუმცა აქაც არის გამოსავალი – სხვა, უკვე დაშლილი ავტომობილიდან აკუმულატორის ამოღება და მისით ჩანაცვლება. როგორც ის ამბობს, ელექტომობილიდან ამოღებული, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი აკუმულატორი თბილისში, „დაშლილებში“, დაახლოებით 1300-1500 აშშ დოლარი ღირს.

გიორგი ჯანჯალაშვილის თქმით, საქართველოში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც შეამოწმებენ, რამდენად კარგ მდგომარეობაში ყიდულობ უკვე ნახმარ აკუმულატორს, თუმცა მას, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია მსგავს საკითხებში გარკვევა.

აპლიკაცია PlugShare, რომელზეც ნარინჯისფრად სწრაფი დამტენებია აღნიშნული, მწვანედ - სხვა დანარჩენი.

აპლიკაცია PlugShare, რომელზეც ნარინჯისფრად სწრაფი დამტენებია აღნიშნული, მწვანედ – სხვა დანარჩენი.

როდემდე იქნება E Space-ს დასამუხტი უფასო და რა ეღირება მომავალში?

ამ კითხვაზე კომპანიის პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორს, ნატა კასრაძეს ზუსტი პასუხი არ აქვს. თუმცა გვეუბნება, რომ გეგმავენ, არც 2018 წელს გადაახდევინონ დამუხტვის საფასური მომხმარებლებს:

„პირობა დადებული გვაქვს, რომ 2017 წლის ბოლომდე იქნება უფასო, ასე რომ, გარანტირებულად იქნება უფასო. 2018-შიც, სავარაუდოდ, გავაგრძელებთ ამ ინიციატივას. როდესაც გახდება ფასიანი, ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, იგივე ბენზინის ფასს რომ შევადაროთ, შეუდარებლად დაბალი იქნება,“ – ამბობს ნატა კასრაძე.

კითხვაზე, საიდან გეგმავს E Space მოგების მიღებას, იგი ამბობს, რომ ეს ელექტრომობილებისა და ელექტოსკუტერების გაყიდვას ეხება:

„მოგება ელექტროდამტენების ქსელიდან ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ გათვლა არის იმაზე, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ნახავს, რომ ეს არის მოსახერხებელი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ძალიან ეკონომიური. ჩვენი შემდეგი ეტაპი, ასე ვთქვათ, კომერციული ინტერესის, არის ელექტრომანქანების, ელექტროსკუტერების, ელექტრომოტოციკლების გაყიდვა. ამ ეტაპზე რამდენიმე სრულიად ახალი Nissan Leaf გაყიდა ჩვენმა კომპანიამ და ასევე ამ ზაფხულს პირველად განვახორციელეთ გერმანული ბრენდ UNU-ს ელექტროსკუტერების იმპორტი, რომელიც, ასევე, ძალიან კარგად იყიდება,“ – ამბობს ნატა კასრაძე.

შეღავათები ელექტრომობილების მფლობელებისთვის

2017 წლიდან ელექტრომობილები, სხვა ავტომობილებთან შედარებით, ბევრად უფრო შეღავათიან ფასად ბაჟდება, რადგან მათზე საერთოდ არ ვრცელდება აქციზის გადასახადი. გიორგი ჯანჯალაშვილი გვეუბნება, რომ ეს ავტომობილს თითქმის 30%-ით აიაფებს.

თბილისში ელექტრომობილების მძღოლები პარკინგის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. ელექტრომობილის მფლობელმა თბილისის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ის აღარ გადაიხდის პარკირების მოსაკრებელს, რაც წლიურად 50 ლარია. ბათუმში მძღოლებისთვის მსგავსი წახალისება არ არის.

Hუბ Gეორგია-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად უნდა უწყობდეს ხელს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გახდეს მომხმარებელი:

„აუცილებელია, სახელმწიფო პარკები – საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თვითონ საჯარო სამსახურების ავტოპარკები ჩანაცვლდეს ელექტრომობილებით და არა იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც დღეს ხშირად გამოიყენება – უზარმაზარი ძრავის მქონე, დიდი ავტომობილები, რომლებიც ბევრ საწვავს მოიხმარენ. ეს, ერთი მხრივ, ეკონომიურად არასწორი და არამომგებიანი გადაწყვეტილებაა, და მეორე მხრივ, აბინძურებენ გარემოს.

როცა მოქალაქეები ხედავენ, რომ ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი, თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, გამგებლები გადაადგილდებიან ელექტრომობილებით, ეს უკვე ხდება მიმზიდველი და აღარ იწვევს გაუცხოებას და შიშს, რაც დღეს რეალურად არის, რომ ელექტრომობილს თუ შევიძინეთ, შეიძლება სადღაც დავრჩეთ და რაღაც თუ გაგვიფუჭდა, ვეღარ გავაკეთებთ.“

ვასო ურუშაძე ვარაუდობს, რომ როგორც კი გაიზრდება ელექტრომობილების რაოდენობა, კაფეები, რესტორნები და შოპინგმოლები მოინდომებენ, რომ ელექტრომობილების მომხმარებლები მათი მომხმარებლებიც გახდნენ:

„როცა მაქვს ელექტრომობილი და მივდივარ თბილისიდან ბათუმში, ნახევარი საათით სადღაც მაინც ვჩერდები იმისთვის, რომ თუნდაც ყავა მივირთვა, არჩევანს უკვე გავაკეთებ იმ დაწესებულებაზე, სადაც ელექტრომობილის დასამუხტი ინფრასტრუქტურა მეგულება, ანუ ავტომატურად იმ დაწესებულების მომხმარებელი ვხდები,“ – ამბობს ურუშაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოსცეს განკარგულებები, რომ კომერციულ დაწესებულებებს, რომლებსაც ავტომობილის პარკირებისთვის 100 ადგილი ექნებათ, ელექტრომობილების დასამუხტად მინიმუმ სამი საშუალება დაამონტაჟონ. ურუშაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან უკვე კონკრეტული წამახალისებელი ქმედება იქნება.

_____________________________________

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი