ახალი ამბები

ტესლას ბატარეების მწარმოებლის თქმით, ელექტომობილების ახალი ბატარეა 16 წელს იმუშავებს

12 ივნისი, 2020 • 1213
ტესლას ბატარეების მწარმოებლის თქმით, ელექტომობილების ახალი ბატარეა 16 წელს იმუშავებს

ტესლას ბატარეების მიმწოდებელი კომპანიის თქმით, მათ შექმნეს ბატარეა, რომელიც 16 წელი იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

მანქანის ბატარეების მწარმოებელი ჩინური კომპანია Contemporary Amperex Technology Ltd, რომელიც ტესლასა და ფოლკსვაგენს ამარაგებს, მზადაა მასობრივ წარმოებაში ჩაუშვას ბატარეა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იმუშავებს და ავტომობილი 2 მილიონამდე კილომეტრის გავლას შეძლებს. Business Insider-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ ზენგ იუკუნიმ Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა. ამჟამად მსგავსი ბატარეების საგარანტიო ვადა 8 წელი და 240 ათასი კილომეტრია.

იუკუნის თქმით, კომპანია მზადაა შეკვეთების მისაღებად, თუმცა არ დაუკონკრეტებია, უკვე შეიძინა თუ არა ეს პროდუქტი რომელიმე კომპანიამ. მისი განმარტებით, ბატარეა 10%-ით მეტი ეღირება, ვიდრე ელექტრომობილების ამჟამინდელი ბატარეა.

Business Insider-ის ცნობით, სწორედ ბატარეების ენერგიის შენარჩუნების ხანგრძლივობა არის ის ფაქტორი, რაც ელექტრომობილების გაყიდვას აფერხებს, ხოლო ისეთი ბატარეების შექმნა, რომელიც ენერგიას ხანგრძლივად შენარჩუნებს, ელექტრომობილების ინდუსტრიას სრულად შეცვლის.

ელექტრომობილებისთვის ბატარეები ყველაზე ძვირი ნაწილია და იმ შემთხვევაში, თუ მისი გადატანა ერთი ელექტრომობილიდან მეორეზე იქნება შესაძლებელი, შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს ელექტრომობილის ფასიც. Bloomberg-ის ცნობით, ელექტრომობილის ბატარეების გარანტია 150 ათას მილს, ანუ 8 წელს დაფარავს.

იუკუნის განმარტებით, კორონავირუსის პანდემიამ ამ პროცესებს ხელი შეუშალა, თუმცა მომავალი წლისთვის კორონავირუსი მთავარი ფაქტორი აღარ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი