ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მითები და რეალობა აფხაზეთში საქართველოში მკურნალობაზე

15 სექტემბერი, 2017 • 16994
მითები და რეალობა აფხაზეთში საქართველოში მკურნალობაზე

აფხაზეთში არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადგილობრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამკურნალოდ სხვაგან მიდის. რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო თავად გზავნის. საქართველოში კი პაციენტები ძირითადად დამოუკიდებლად მიდიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ენგურზე გამშვები პუნქტის გადასაკვეთად საჭირო საშვის აღების შემდეგ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ზუსტ სტატისტიკაზე, თუ რამდენი მოქალაქე გადის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სამკურნალოდ, ვერ საუბრობენ, რადგანაც პაციენტები იქ დამოუკიდებლად მიემგზავრებიან.

აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ასევე ვერ გვპასუხობს კითხვაზე, რამდენი მოქალაქე მიდის საქართველოში სამკურნალოდ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება. გარდა ამისა, ბევრი მკურნალობის საბაბით, თუმცა სხვა მიზნებით ჩადის საქართველოში.

აფხაზეთიდან პაციენტების მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს რუსეთის სხვადასხვა კლინიკასთან შეთანხმებები ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერაციების თანხის დავალიანებების გამოა ფხაზ პაციენტებს ამ კლინიკებში აღარ იღებენ.

სოხუმის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგის, ვიქტორია ვორობიოვას განმარტებით, აბორტის სრულ აკრძალვაზე აფხაზეთის ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, ქალები სულ უფრო ხშირად მიდიან სხვაგან არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად.

“ამ წელს რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჩვენ, ექიმებმა, თავად ვურჩიეთ ქალებს, ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიის გამო აბორტის გასაკეთებლად რუსეთში წასულიყვნენ, რადგანაც ჩვენთან სამედიცინო ჩვენებითაც აკრძალეს აბორტი. აბორტის აკრძალვამ ქალებს ძალიან დიდ სირთულე შეუქმნა”, – ამბობს ექიმი.

ყველაზე ხშირად აფხაზეთიდან მაინც მშობლები შვილებთან ერთად გადიან სამკურნალოდ. მაგალითად, აფხაზი ოჯახი, რომლის წევრებიც გვთხოვენ, არ დავასახელოთ მათი ვინაობა, 5 წლის გოგონასთან ერთად რუსეთიდან საქართველოში წავიდნენ. ბავშვს ტაქიკარდია აღმოაჩნდა, აფხაზეთში ექიმებმა მიზეზი ვერ დაადგინეს და გულის შეტევებს ვერ გაუმკლავდნენ. დედამ შვილი ჯერ მოსკოვში, კარდიოლოგიურ ცენტრში წაიყვანა.

“იქ ბევრი ძვირადღირებული გამოკვლვა დაგვინიშნეს. ანალიზები, ექოსკოპიები, კარდიოგრამა. შემდეგ- მკურნალობის სქემა. პრეპარატები ძალიან ძვირადღირებული იყო, მაგრამ ყველაფერი ვიყიდეთ. ბავშვი დღეში 12 აბს სვამდა, რის გამოც მოთენთილი იყო, სულ ეძინებოდა. არადა, მხოლოდ ხუთი წლისაა და ამ ასაკში ბავშვები აქტიურები, მოუსვენრები უნდა იყვნენ. ვშიშობდი, ამდენი მედიკამენტისგან ნორმალურად ვეღარ განვითარდებოდა. ამიტომაც გადაწყვეტილება მივიღეთ, საქართველოში წავსულიყავით”, – ამბობს ბავშვის დედა.

პაციენტის დედის თქმით, თბილისში მათ მიმართ სამედიცინო პერსონალი კეთილგანწყობილი იყო. დაავადების მიზეზად კი ასაკობრივი ცვლილებები და ემოციური ფონი დაუდგინეს.

“გვითხრეს, ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი გაივილის, თუმცა გულზე დატვირთვის მოსახსნელად პრეპარატი დაუნიშნეს, მხოლოდ ერთი წამალი, ერთხელ დღეში. ბავშვი ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, ახლა ადგილზე ვერ ჩერდება და ყველაფერი აინტერესებს. გულზე პრობლემებიც უკვე ნახევარი წელიწადია აღარ ჰქონია. მალე ამ წამლის მიღებსაც შეწყვეტს. თუმცა იქამდე კვლავ თბილისში ჩავალთ გამოკვლევაზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი საქმე. საშვის მიღებას ვგულისხმობ. ამ საკითხს ყველა ჩვენი ნაცნობი და ნათესავი გაგებით ხვდება. ბევრი ამბობს, რომ ჯობია მოკვდნენ, ვიდრე მტერთან წავიდნენ სამკურნალოდ. ზოგიერთისგან ისიც გამიგია, რომ საქართველოში აფხაზების გასანადგურებელი სპეციალური პროგრამა არსებობს, ჩვენს შვილებს რაღაც ინექციას უკეთებენ – ხანგრძლივი მოქმედების საწამლავს. ამბობენ, რომ თავიდან ჯანმრთელობა უმჯობესდება, შემდეგ კი ბავშვები კვდებიან. ამის მოსმენა მზარავს, მაგრამ არ მჯერა, რომ ასეთი რამე მართლაც ხდება”, – ამბობს ქალი.

აფხაზეთში არიან ისეთებიც, ვინც არ ენდობა არც ქართველ, არც აფხაზ ექიმებს.

“პერიოდულად დავდივარ კვლევებზე კრასნოდარში [რუსეთი], საშვილოსნოზე კიბოს განვითარების რისკის გამო. იქაურ ექიმებს ვენდობი. მთელ რუსეთში, უზარმაზარ ონკოლოგიურ ცენტრში შეუძლებელია არაპროფესიონალი სპეციალისტები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს უფასო არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გამო მზად ვარ გადავიხადო ფული. ამბობენ, საქართველოში გაცილებით ნაკლები ჯდება ყველაფერი, მაგრამ მათ არ ვენდობი. როგორ ვანდო ჩემი ცხოვრება მათ, ვისაც ვძულვართ. მართლა არ მესმის ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ბრმად ენდობიან ქართველ ექიმებს”, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.

აივ-ინფექციის მატარებლები აფხაზეთში ასევე საქართველოში მიდიან სამკურნალოდ, სადაც სრულიად უფასოდ იღებენ ყველაზე თანამედროვე პრეპარატებს, რომლებიც მათ ცხოვრების შენარჩუნებაში ეხმარება.

“აფხაზეთში აქამდე გვამი ვიქნებოდი. აქ ჩემზე უარი ჯერ კიდევ 6 წლის წინ თქვეს და დასაღუპად გამომიშვეს. საქართველოში კი რაღაც წამლებს მასმევენ, რომლის კურსის შემდეგაც თავს კარგად ვგრძნობ”, – მიყვება ჩემი თანამოსაუბრე.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია ამბობს, რომ საჭიროა, აფხაზი პაციენტები აფხაზეთის სამკურნალო დაწესებულებებს დაუბრუნდნენ.

“ჩვენს მოქალაქეებს ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ აფხაზეთში ექიმები ვერ კურნავენ, რომ არ შეუძლიათ ანალიზის გაკეთება და დიაგნოზის დასმა, რომ არ გვაქვს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა. მაგრამ ეს ასე არ არის. ნახეთ, რამდენი ახალი კერძო კლინკა გაიხსნა, სადაც გამოცდილი და ახალგაზრდა სპეციალისტები მუშაობენ, რომლებმაც საზღვარგარეთ ისწავლეს, – ამბობს მინისტრი.

ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში მსხვილი სამედიცინო ცენტრების შექმნაა საჭირო. ის ახლაც აქტიურად მუშაობს ერთ -ერთი ასეთი ცენტრის ჩამოსაყალიბებლად.

სამედიცინო კლინიკა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

სამედიცინო კლინიკა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

აფხაზეთში ოფიციალურად სამედიცინო დახმარება საავადმყოფოებში უფასოა, თუმცა არსებობს დაუწერელი წესი, რაც სამედიცინო პერსონალისთვის ფულის გადახდას ითვალისწინებს.ექიმის კონსულტაცია დაახლოებითი 500 რუბლი [დაახლოებით 8 აშშ დოლარი] ღირს, 300 რუბლს [5 აშშ დოლარი] იხდი მაშინ, როდესაც ექთანი ნემსს გიკეთებს, 200 რუბლს [3.5 აშშ დოლარი] კი,  სანიტარს – პალატის მოსაწესრიგებლად. 20 000 რუბლი [330 აშშ დოლარი] – ბუნებრივი მშობიარობისთვის, საკეისრო კვეთა – 30 000 რუბლი [500 აშშ დოლარი]. ეს ფული უშუალოდ სპეციალისტის ჯიბეში მიდის. კერძო კლინიკებში ყველაფერი სხვაგვარადაა. ოფიციალური ფასები 1000 რუბლიდან იწყება [17 აშშ დოლარი].

აფხაზეთის ყველა რაიონში ერთი სახელმწიფო საავადმყოფოა, კერძო კლინიკები კი მხოლოდ სოხუმშია. დღესდღეობით სოხუმში რესპუბლიკური საავადმყოფო, ქალაქის საავადმყოფო, ინფექციური და საბავშვო საავადმყოფოები, ასევე სამი კომერციული სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი მუშაობს.


 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  ნეტგზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა და მათზე დახარჯული საბიუჯეტო ფული მზარდია.

პაციენტები აფხაზეთიდან
Infogram

 

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს აფხაზეთიდან სამედიცინო დაწესებულებში თბილისსა და სხვა ქალაქებში – 875 პაციენტი, მათ შორის 127 ბავშვი გადმოიყვანეს. აფხაზი პაციენტების სამკურნალოდ ამავე წელს საქართველოს ბიუჯეტიდან 2,324,709.76 ლარი დაიხარჯა.

2015 წელთან შედარებით, აფხაზი პაციენტებისა და დახარჯული თანხის [3,197,399.14 ლარი] რაოდენობა გაზრდილია 2016 წელს  – 1316 პაციენტი, მათ შორის 196  ბავშვი.

2017 წლის 19 ივნისის მდგომარეობით კი, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებში მომსახურებით უკვე ისარგებლა 543-მა აფხაზმა პაციენტმა, მათ შორის 94 ბავშვმა. დახარჯულია 1,294,600.87 – ლარი.

ჯამში, 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ პაციენტებზე 6 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

ქართული მხარე ხშირად არ საუბრობს სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების სტატისტიკაზე, როგორც ამბობს, ამ საკითხით სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი