hqdefault

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საზოგადოებრივის ცნობით, ჟიურიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა კონკურსანტს მოუსმინა. 

“მონაწილეებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერას შეასრულეს. კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი”, – ნათქვამია საზოგადოებრივის განცხადებაში.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

“საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა.

საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო”, – აცხადებენ საზოგადოებრივში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com