თბილისში სოციალურ მუშაკებს სააგენტოს ოფისში დაესხნენ თავს

თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანის ოფისში, სოციალურ მუშაკებს იმ ოჯახის წევრები დაესხნენ თავს, ვისი სახლიდანაც სასამართლოს მიერ გაცემული დამცავი ორდერის საფუძველზე ორი ბავშვი გაიყვანეს, თუმცა მესამის გაყვანა ვეღარ მოახერხეს.

როგორც ნეტგაზეთს სოციალურმა მუშაკმა განუცხადა, 5, 9 და 13 წლის გოგონების მიმართ დედის მხრიდან უგულებელყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა, რომლის საფუძველზეც ბავშვები უნდა გაეცალკევებინათ დედისგან.

გუშინ, 5 სექტემბერს, დამცავი ორდერის აღსასრულებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის ხუთი თანამშრომელი მივიდა სახლში, სადაც აღნიშნული დედა სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, მათ ადგილზე დასჭირდათ პატრულის გამოძახება, ვინაიდან ბავშვების წაყვანის დროს დედამ და უფროსმა შვილმა წინააღმდეგობა გაწიეს. ერთ-ერთი სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ბავშვების დედამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა და ადგილის დატოვება მათ პატრულის დახმარებით მოახერხეს, თან მხოლოდ ერთი ბავშვის წაყვანა შეძლეს, ხოლო მეორე მცირეწლოვანი ბავშვი იმ დროისთვის “კარიტასის” დღის ცენტრში იმყოფებოდა და სოციალურმა მუშაკებმა იქიდან გადაიყვანეს.

ერთ-ერთი სოციალური მუშაკი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ადგილზე ვითარების გასამუხტა დპატრულმა დედას უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და ერთ საათში მისულიყო სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრში, სადაც ბავშვებს აჩვენებდნენ. მაშინ, როცა ეს ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა უკვე თბილისს გაარიდეს.

სოციალური მუშაკი გვიამბობს, რომ ზუსტად ერთ საათში მათ ოფისში, რომელსაც დაცვა არ ჰყავს, მართლაც მივიდნენ დედა და უფროსი შვილი და მოითხოვეს ბავშვების ნახვა. თავდაპირველად ოთახში, სადაც ისინი შევიდნენ, ორი სოციალური მუშაკი იმყოფებოდა, ხოლო გვერდით ოთახში იყო კიდევ ოთხი თანამშრომელი.

“რომ მიხვდნენ, რომ იქ ბავშვები არ იყვნენ, უფროსმა დამ მოულოდნელად ძირს გადმოყარა ყველაფერი – ჩვენი ბაინდერები, საქმეები, დაიწყო ღრიალი, ტირილი, გვლანძღავდა საშინელი სიტყვებით, გვაგინებდა, მერე კარს დაუწყო წიხლის რტყმა, აიღო კომპიუტერი და მუცელში ესროლა ჩვენს ერთ თანამშრომელს. როგორღაც მოვახერხეთ, რომ მეორე ოთახში გავსულიყავით, სადაც კიდევ ოთხი თანამშრომელი იყო. ამ ბავშვს ვერ ვაწყნარებდით და ჩემს თანამშრომელს, რომელიც ცდილობდა მის დაწყნარებას, წიხლები ჩაარტყა და დაპორჭყნა,” – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ფოტოზე აღბეჭდა კიდეც ნაკაწრები, რომლებიც მიიღო მისმა თანამშრომელმა. მისი თქმით, მათ ოფისში დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სოციალურმა მუშაკებმა პოლიცია გამოიძახეს.

“როდესაც მოვიდა პატრული, იკითხა, აბა, ვის ეტყობა თქვენთან, რომ ნაცემიაო, რის პასუხადაც ამ ბავშვმა ეგრევე უთხრა – დიახ, მე ვცემე ეს სამი გოგოო. ამის შემდეგ გავედით ცალკე ოთახში პატრულთან ერთად, რომელიც ცდილობდა, რომ ოქმის შედგენის დროს საერთოდ არ ეხსენებინა ფიზიკური ძალადობა. ვაჩვენე ჩვენი თანამშრომლის დაპორჭყნილი ხელი, რაზეც ჰკითხა პატრულმა მას – ფიზიკურ ტკივილს განიცდიო? – არაო. სისხლი გამოგივიდაო? – არაო. აბა, რა მოხდაო, ეგეთი პატარა დაკაწრული, შეიძლება ხელი სადმე მიარტყა და დაგეკაწროსო. საერთოდ, ამ ნაკაწრზე არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ეს ჩემი თანამშრომელი ეუბნება, გვცემესო და შენ ხომ არ უცემიხარო. გამოდი, გარეთ გავიდეთ, ცალკე უნდა გესაუბროთო, მითხრეს,” – უყვება ნეტგაზეთს სოციალური მუშაკი, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია ადგილზე.

იგი იხსენებს, რომ ადგილზე სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა.

“მომიტრიალდა სასწრაფოს თანამშრომელი და დედას ბავშვები წაართვით და სხვა რეაქციას რას ელოდებითო?!” – იხსენებს სოციალური მუშაკი, რომელიც ამბობს, რომ დაცინვის ობიექტები გახდნენ როგორც სასწრაფოს, ისე პატრულის მხრიდან.

“პატრულის ბოლო რეკომენდაცია როგორი იყო, იცით? – დააყენეთ რკინის კარიო, რომელსც ექნება ფორთოჩკა და რომ გაიხედავთ და თქვენთვის არასახარბიელო ბენეფიციარს ნახავთ, კარი არ გაუღოთო,” – გვითხრა სოციალურმა მუშაკმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, პოლიცია მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია, გამოიკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი და მიიღებს შესაბამის ზომებს.

რა იქნება შესაბამისი ზომები? – უცნობია, მომხდართან დაკავშირებით რაიმე მუხლით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

დაზარალებულმა სოციალურმა მუშაკმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აუცილებლად მიმართავენ გენერალურ ინსპექციას პატრულის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის გამო, ასევე იმის გამო, თუკი არ დაიწყება გამოძიება მომხდარზე. მისივე თქმით, უცნობია, რა ბედი ეწევა 13 წლის გოგონას, რომელზეც უკვე გაცემულია დამცავი ორდერი, თუმცა მისი დედისგან გაცალკავება სოცმუშაკებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი