დემირელის კოლეჯის მოსწავლეები

უსკოლოდ დარჩენილი დემირელის მოსწავლეების გაურკვეველი ბედი

განათლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს სხვა კერძო სკოლაში გადასვლას სთავაზობს. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების მიღების სურვილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებმაც გამოთქვეს.

“მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვთავაზობთ ერთ რომელიმე კერძო სკოლაში გადასვლას, რომ კლასებიც კი არ დაიშალოს, თუ მათი სურვილი იქნება. ექვსმა კერძო სკოლამ გამოთქვა მზაობა. ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მათი მზაობის შესახებ უკვე ეცნობათ დემირელის კოლეჯის ადმინისტრაციას და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღება”, – განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა.

მან ეს კომენტარი სამინისტროში დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას თავის მხრივ წინ უსწრებდა კოლეჯის ბავშვებისა და მშობლების აქცია სამინისტროს შენობასთან. აქციაზე მშობლები ამბობდნენ, რომ მათ არ სურთ სხვა სკოლაში ბავშვების გადაყვანა და აპირებდნენ სასამართლოში ჩივილს, ასევე, ერთ-ერთი მათგანი არ გამორიცხავდა შიმშილობასაც. დემირელის კოლეჯში ზოგიერთი მოსწავლე გრანტით სწავლობს კარგი მოსწრების გამო. უცნობია, შეუნარჩუნდებათ თუ არა მათ ეს სარგებელი სხვა კერძო სკოლაში გადასვლის შემთხვევაში.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მშობლებსა და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს შორის შედგა, როგორც ირკვევა, ის უშედეგოდ დასრულდა. სამინისტრო მშობლებს ბავშვების კერძო სკოლაში გადაყვანას სთავაზობს, მშობლებმა, როგორც თვითონ ამბობენ, სამინისტროს სხვა ვარიანტი შესთავაზეს.

დემირელის კერძო კოლეჯის მფლობელ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს თბილისში სხვა სკოლაც აქვს – სხივი. მშობლების მოსაზრებაა, რომ დემირელის კოლეჯი სხივს შეუერთდეს და მათმა შვილებმა იმავე შენობაში, იმავე მასწავლებლების პირობებში გააგრძელონ სწავლა, ოღონდ სკოლას დემირელის ნაცვლად სხვა სახელი ერქმევა. უცნობია, რამდენად რეალურია და მოესწრება თუ არა ამის განხორციელება სამართლებრივად სწავლის დაწყებამდე.

“ჩვენ ამ ეტაპზე შემოთავაზება გვაქვს 6 კერძო სკოლისაგან. სხივს ამ ეტაპზე არ მოუმართავს. თუმცა ნებისმიერ მშობელს თავისუფლად შეუძლია, რომ სხივის სკოლაში გადაიყვანოს მოსწავლე”, – ამბობენ განათლების სამინისტროში.

მშობლები დემირელის კოლეჯის ადმინისტრაციასთანაც აპირებენ შეხვედრას. სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დემირელის კოლეჯიდან სხვა სკოლაში უკვე 170-მდე მოსწავლე გადავიდა, დარჩენილია დაახლოებით ამდენივე მოსწავლე, რომელთა ბედი ჯერ გარუკვეველია.

29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციაზე, შესაბამისად, სკოლა დაიხურა.

კოლეჯის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით განათლების უფლება შეეზღუდა 350-მდე მოსწავლეს და უმუშევრობა ემუქრება 100- მდე თანამშრომელს.

“2016-2017 სასწალო წელი ურთულესი იყო დემირელის კერძო კოლეჯისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ბათუმში თურქეთის კონსულის არაეთიკური განცხადების შემდეგ, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა- ლიცეუმს, რომელიც დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა, ხოლო დემირელის სახელობის კოლეჯი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მუდმივად მოიხსენიებოდა ტერორიზმის ჭრილში.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია შეშფოთებული და იმედგაცრუებულია ამგვარი მიდგომით იმ სკოლის მიმართ, რომელიც 1993 წლიდან წარმატებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოში და რომლის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს არაერთხელ უსახელებიათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიდაზე, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში სკოლამ ქვეყანისთვის 4 მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას,”- აცხადებს დემირელის კოლეჯი.

ავტორიზაციის საბჭოს წევრი, გია მურღულია ამბობს, რომ სკოლა უხეშად არღვევდა ქართულ კანონმდებლობას და სწორედ ამიტომ ვერ გაიარა ავტორიზაცია. ავტორიზაციის საბჭომ ხარისხის მართვის ცენტრს მიმართა წინადადებით, რომ შეფასებულიყო ამ დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნის მიზანშეწონილობა. ავტორიზაციის საბჭოს წევრის კომენტარი შეგიძლიათ ნახოთ აქ.


უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლა დაიხურა, დემირელის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი იმედოვნებდა, რომ სხვა პარტნიორი სკოლები იმავე ბედს არ გაიზიარებდნენ. მისივე განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან ფინანსური პოლიცია სკოლის დოკუმენტაციას სწავლობდა, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.

“შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა 2017 წლის ივნისში.

დემირელის სკოლა, ისევე როგორც პარტნიორი სკოლები და მათი მასწავლებლები, ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ჩაბუქი მხოლოდ მასწავლებელია, 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ აქვს. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com