ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის ქართულ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო

5 სექტემბერი, 2017 • 3091
ახალგორის ქართულ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადასული ახალგორის რაიონის ექვსი ქართული სკოლა და ბაგა-ბაღები სწავლების რუსულ ენაზე გადავიდნენ.

ამ ეტაპზე სწავლა რუსულ ენაზე პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით სრულად ჩანაცვლდა [ქართულ ენას ერთ-ერთი საგნის სტატუსი დარჩება], დანარჩენ კლასებში რუსულ ენაზე სწალება ეტაპობრივად მოხდება.

პრობლემების შესახებ, რომლებიც ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და მათ პედაგოგებს შეექმნათ, სკოლების დირექტორები მედიასთან საჯარო საუბარს თავს არიდებენ.

ახალგორის რაიონის ქართულენოვან სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადასვლა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.

2008 წლის აგვისტოდან დღემდე ახალგორის რაიონში ორი ქართულენოვანი ბაგა-ბაღი იყო დარჩენილი, სადაც წინა სასწავლო წლის ბოლომდე 30-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა.

ნუგზარ თინიკაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის [ქართული მხარე] თავმჯდომარე რამდენიმე კვირის წინ ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა: “იმის გამო, რომ იქ მცხოვრებთა უმრავლესობამ მხოლოდ ქართული ენა იცის, დიდი ალბათობით, მშობლები შვილებს რუსულ და ოსურენოვან ჯგუფებში არ შეიყვანენ და იძულებული გახდებიან, ახალგორი დატოვონ. წელს ქართულენოვანი საბავშვო ბაღებიდან 10 აღსაზრდელი უნდა მისულიყო სკოლაში. მათ არ იციან არც რუსული და არც ოსური”.

ბაღის აღსაზრდელებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილი შეზღუდვების პარალელურად, აღნიშნული ცვლილებები იმ პედაგოგებზეც იქონიებს გავლენას, ვინც ვერ შეძლებს რუსულ ენაზე სწავლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი