მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

შსს: დაკავებულია კაცი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ ცოლს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც მომხდარის შედეგად მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ქალს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ს.ს-მ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.