ახალი ამბები

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია

1 სექტემბერი, 2017 • 3314
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი საბაგიროს მხარესაა. მათივე ინფორმაციით, ფერდობზე ღია ცეცხლია და ბუჩქები და ბალახი იწვის.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ცეცხლს ორი მხრიდან აქრობენ. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  შინაგან საქმეთა სამინისტროც:

“შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი