რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში

აშშ-მა რუსეთისგან სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვა მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, რუსეთს დაევალა სან-ფრანცისკოში საკონსულო და ორი დამატებითი შენობა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დახუროს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება რუსეთის იმ ნაბიჯის საპასუხოდ მიიღო, რომლის თანახმააც, ამერიკელი დიპლომატები რუსეთიდან გააძევეს.

გასულ თვეში რუსეთმა ამერიკას დიპლომატებისა და ტექნიკური მოხელეების ქვეყნიდან გაყვანა დაავალა. დაახლოებით 455 ადამიანზეა საუბარი, მას შემდეგ, რაც კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. თავის მხრივ ეს სანქციები 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასა და 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინისა და ყირიმის ანექსიას უკავშირდება – წერს როიტერი. 

სახელმწიფო დეპარტემენტის განცხადებით, რუსეთმა დიპლომატიური შენობები 2 სექტემბრამდე უნდა დახუროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნულ საკითხზე მის ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან უკვე ისაუბრა:

“მოსკოვი ყურადღებით შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ზომებს, რის შემდეგადაც ჩვენი რეაქციის შესახებ ეცნობებათ”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com